საბერძნეთმა საქართველოსა და ევროკავშირის არაწევრ კიდევ 13 ქვეყანას საზღვრები გაუხსნა
საბერძნეთმა საქართველოს, ევროკავშირის არაწევრ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო 13 ქვეყანასთან ერთად, საზღვარი გაუხსნა. ეს ქვეყნებია: ახალი ზელანდია, ალჟირი, ავსტრალია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთიც გაუხსნის საბერძნეთს თავის საზღვარს).
იმისათვის, რომ საბერძნეთში გაემგზავროთ, გარკვეული წესების გათვალისწინებაც მოგიწევთ. ყველა მოგზაურმა, რომელიც 9 ივლისიდან საბერძნეთს ესტუმრება, საზღვრის გადაკვეთამდე 24 საათით ადრე უნდა შეავსოს ფორმა, სადაც უნდა მიუთითოს ინფორმაცია, საბერძნეთში კონკრეტულად სად მიემგზავრება, სხვა რომელ ქვეყნებში იმყოფებოდა და როდის და მისამართი, საბერძნეთში სად იცხოვრებს (სულ მცირე, პირველ დღეს სად დაბინავდება).
აღნიშნული ფორმის შევსება შესაძლებელია აპლიკაციით [Visit Greece app] ან ვებგვერდზე travel.gov.gr.
საბერძნეთის მიერ შემუშავებული წესების თანახმად, მოგზაურებს (მათ შორის, ევროკავშირის ქვეყებიდან შესულ ვიზიტორებს), რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შედიან საჰაერო თუ საზღვაო გზით, შემთხვევითობის პრინციპით უტარდებათ ტესტირება. თუ კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა, მოგზაურს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს სპეციალურ საკარანტინო სასტუმროში.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები