სპორტი

ეთერ თუთბერიძე მსოფლიოს ყველაზე „ტოქსიკური“ მწვრთნელების სიაში მოხვდა

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე მსოფლიოს ყველაზე „ტოქსიკური“ მწვრთნელების სიაში შეიყვანეს. რეიტინგი იაპონურ საიტზე Elle გამოქვეყნდა.

თუთბერიძეს დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი მოსწავლეები ადრეულ ასაკში ჩემპიონები ხდებიან, შემდეგ კი „იკარგებიან“. თუთბერიძის ზოგი მოსწავლე კვების რეჟიმის დარღვევის გამო სხვადასხვა დაავადებით იტანჯება და კარიერას ადრე ასრულებს – ამტკიცებენ ჟურნალისტები და მაგალითად მოჰყავთ 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლიპნიცკაია, რომელსაც ანორექსია ჰქონდა.

თუთბერიძის გარდა ყველაზე „ტოქსიკური“ მწვრთნელების სიაში მოხვდნენ კალათბურთის გუნდის „ბოსტონ რედ სოქსის“ მწვრთნელი ალექს კორა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, ფიგურული სრიალის ფრანგი მწვრთნელი ჟილ ბეიერი და სამხრეთ კორეელი შორტ-ტრეკის მწვრთნელი ჩო ჩჟე ბომი, რომელსაც მოსწავლეების გაუპატიურებაში ედება ბრალი.

თუთბერიძის მეთოდები არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. 2020 წლის მარტში ფინელმა მოციგურავემ კიირა კორპიმ თუთბერიძესთან ვარჯიში ქარხანაში მუშაობას შეადარა და მისი მეთოდები „არაადამიანური კულტურის გამოვლინებად“ შეაფასა.

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. წარმატებით გამოდიოდა რუსეთის „ყინულზე ბალეტში“, 18 წლის ასაკში კი აშშ–ში გადავიდა ყინულის შოუ – Ice Capades-ში სამუშაოდ. იგი ამერიკულ შოუში 5 წლის მანძილზე გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა. 1994-1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწთვრნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.

2014 წლის ოქტომბერში, როდესაც თუთბერიძის აღსაზრდელებმა თავბრუდამხვევ წარმატებებს მიაღწიეს, მას გადაეცა ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“. სწორედ მან მოამზადა 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების ერთეულთა ფიგურულ სრიალში გამარჯვებული იულია ლიპნიცკაია, რომელმაც, ასევე, მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთში. თუთბერიძის მეორე აღსაზრდელს – სერგეი ვორონოვს ვერცხლის მედალი ერგო ამავე შეჯიბრებაზე.

ცნობილ მოციგურავესა და ქორეოგრაფ ილია ავერბუხს მიაჩნია, რომ თუთბერიძის სკოლის სიძლიერე ფასდაუდებელია. „სავარჯიშო პროცესი ისეა აწყობილი, რომ ბავშვები, რომლებიც ჯგუფში ხვდებიან, წარმატებაზე არიან დამუხტულნი, კონკურენციას ხედავენ. ის მათ საჩემპიონო სიმაღლეებისკენ უბიძგებს“, – ამბობს ავერბუხი.

განთქმული სპეციალისტის აღსაზრდელთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციის მოპოვება შეძლო.

ეთერ თუთბერიძე ამერიკაში ცხოვრების პერიოდში დაქორწინებული იყო და ჰყავს ქალიშვილი – დიანა დევისი.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close