საზოგადოებარჩევებისაბერძნეთი

ძლიერი მიწისძვრების სერია საბერძნეთში, როდოსის მახლობლად

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს და მიწისძვრის შემდეგ

ძლიერი მიწისძვრების სერიამ შეარყია საბერძნეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ მიჯნასთან, ე. წ. ელინურ რკალში. ყველაზე მძლავრი ბიძგი, 5,4 (5,5) ბალი რიხტერის სკალით, კუნძულ როდოსიდან 30 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა, კიდევ რამდენიმე, 4 ბალზე ძლიერი ბიძგი კი  – კუნძულ კრეტის მიმართულებით. 

პირველი მიწისძვრა როდოსთან ახლოს გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 20:43 სთ-ზე მოხდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი სიმძლავრე რიხტერის სკალით 5,4 ბალს უდრიდა, ხმელთაშუაზღვისპირეთის ინსტიტუტის შეფასებით კი – 5,5 ბალს. ეპიცენტრი როდოსიდან 30 კმ-ის დაშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობდა, სიღრმე – 50 კმ-ს უდრიდა. ბიძგები თურქეთის კურორტ მარმარისზეც იგრძნობოდა.

მეორე მიწისძვრა, რიხტერის სკალით 4,7 ბალი, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 7:06 სთ-ზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი დაახლოებით იმავე ადგილას იყო, როდოსიდან 26 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, 65 კმ-ის სიღრმეზე.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სიმძლავრის – 4,4-ბალიანი ბიძგი მოხდა 12 კმ-ის დაშორებით ბერძნულ კუნძულ კასუდან, რომელიც კუნძულებს – კრეტასა და კარპატოსს შორის მდებარეობს. მისი ფოკალური სიღრმე 25 კმ-ს უდრიდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

* * *

საყურადღებოა და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ის მინიმალური ინფორმაცია, რომელიც მიწისძვრის დროს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიღების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებაში დაეხმარება.

მიწისძვრის დროს თავდაცვის ზომები:

ქვემოთ მოცემული სპეციალური ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთონ მიწისძვრის დროს და მიწისძვრის შემდეგ ადამიანებმა, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული:

1. თუ მიწისძვრის დროს სახლში/შენობაში ხართ:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თავდაცვის მიზნით, შეეფარეთ გამძლე ავეჯს (მაგიდას, საწერ მაგიდას, მერხს…), ჩაჯექით მუხლებზე და ხელები ფეხებს მოხვიეთ. თუ არ არის გამძლე ავეჯი, მუხლებზე ჩაჯექით ოთახის შუაში, მაქსიმალურად შეამცირეთ თქვენი მოცულობა და თავი და კისერი დაიცავით თქვენივე ხელებით. მოშორდით შუშის დიდ ზედაპირებს (ფანჯრები, შუშის ტიხრები) ან შუშის ავეჯს და საგნებს, რადგან მინის ნამსხვრევებისგან შეიძლება ტრავმა მიიღოთ. ნუ შეეცდებით დატოვოთ სახლი. არ გახვიდეთ აივანზე, თუ მაღალ შენობაში ხართ.
  • მოერიდეთ ფანჯრებსა და ექსტერიერის კედლებს. თუ გასართობ ადგილას, მოლში  ან დიდ მაღაზიაში ხართ, დარჩით შენობაში, სანამ რყევა დასრულდება.
  • ნუ აჰყვებით პანიკაში ჩავარდნილ ადამიანებს, რომლებიც  გასასვლელისკენ გარბიან, რადგან საფრთხის წინაშე დგახართ: შეიძლება გადაგთელონ.

2. თუ ღია სივრცეში ხართ:

  • მოსცილდით მაღალ შენობებს; ტელეფონის ან ელექტროკაბელების ქვეშ არ  დადგეთ; თუ თან გაქვთ ჩანთა ან საქაღალდე, თავზე დაიფარეთ.

3. თუ მანქანაში ხართ:

  • იმოძრავეთ ღია სივრცეში და ფრთხილად გააჩერეთ მანქანა ისე, რომ მოძრაობა არ შეაფერხოს. მოერიდეთ გვირაბებში შესვლას, ხიდებზე ან გზის გადაკვეთაზე გადასვლას.

4. რა უნდა გააკეთოთ მიწისძვრის შემდეგ, თუ სახლში ხართ:

  • მოემზადეთ მიწისძვრის შემდგომი ნებისმიერი ბიძგებისათვის. შესაძლო დაზიანებების გამო ფრთხილად შეამოწმეთ საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც. თუ ვინმე მძიმედ არის დაშავებული, ნუ გადააადგილებთ, იგი უძრავად უნდა იყოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.
  • შენობის დატოვება ხდება მხოლოდ კიბით (ნუ გამოიყენებთ ლიფტს), შენობის დატოვებამდე გამორთეთ ელექტროენერგია, გადაკეტეთ გაზი და წყალი.
  • თავი შეაფარეთ ღია და უსაფრთხო ადგილს.
  • მიჰყევით ხელისუფლების მითითებებს და ყურადღება არ მიაქციოთ ჭორებს.
  • ნუ გამოიყენებთ თქვენს მანქანას უმიზეზოდ, რათა ხელი არ შეუშალოთ სამაშველო ჯგუფების მუშაობას.
  • თქვენი მობილური ან სახლის ტელეფონი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენეთ, რადგან საჭიროა მოვერიდოთ, რომ სატელეფონო ქსელები ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
  • მოერიდეთ თქვენს სახლში შესვლას, თუ დაზიანებებს, გადაჭრილ კაბელებს ხედავთ. საშიშია, რომ არ მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close