სექსი და ლიმონი: რუსეთში საბჭოეთის დროინდელი კანონები გაუქმდა
გაუქმებულ აქტებს შორისაა ისეთი „საინტერესო“ დოკუმენტები, რომლებიც, ლიმონის გარეცხვა-დაჭრის გარდა, მაცივრების რემონტის, თუნუქის ქილებისა თუ ხის ყუთების დამზადების ნორმატივებს არეგულირებდა
დაახლოებით 450 მოძველებული აქტი, რომლებიც 1946-1991 წლებშია მიღებული, ცნობილია გაუქმებულად და ძალას 2020-21 წლებში დაკარგავს, ნათქვამია რუსეთის მთავრობის საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ აქტების რევიზია, რომლებიც საერთოდ არ გამოიყენებოდა ან იშვიათად გამოიყენებოდა პრაქტიკაში, „მარეგულირებლის გილიოტინის“ მექანიზმის ფარგლებში ჩატარდა.
ირკვევა, რომ გაუქმებულ აქტებს შორისაა წესები მაცივრების რემონტის, ხორცის გამოშრობისა თუ ძეხვეულის წონის ბუნებრივი კლების შესახებ. გარდა ამისა, ასევე გაბათილდა აქტები ხის ყუთებისა და თუნუქის ქილების დამზადების ნორმატივების შესახებ.
- ძალიან არააქტუალური აღმოჩნდა 1978 წელს მიღებული ბრძანებულება ლიმონის სწორად გარეცხვის, გათლისა და დაჭრის შესახებ, რომელიც ასევე არეგულირებდა კერძში გამოსაყენებელი ლიმონის რაოდენობას.
კიდევ ერთი აქტი, რომლიც უსარგებლო აღმოჩნდა, არის მოსახლეობისთვის სექსოპათოლოგიური დახმარების აღმოჩენის შესახებ ბრძანებულება. დოკუმენტი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში საოჯახო ფსიქოლოგიური კაბინეტების შექმნას ითვალისწინებდა, სადაც სექსოპათოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს უმკურნალებდნენ.
კონსულტაციისთვის ჩვენებად მიიჩნეოდა ცოლქმრული პრობლემები ლოგინში, სქესობრივი დარღვევები, ტრანსსექსუალობა და სხვ.
მექანიზმი „მარეგულირებლის გილიოტინა“ 2019 წელს ჩამოყალიბდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან დაახლოებით 1,3 ათასი მოძველებული აქტი უქმდებოდა. ამასთან, მან ასევე დააანონსა კიდევ თითქმის 3,6 ათასი დოკუმენტის გაუქმება.
კომენტარები