fbpx
მედიცინაიტალიასაზოგადოება

ISS – იტალიაში ახალი კორონავირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ცირკულირებდა

მილანსა და ტურინში გასული წლის დეკემბერში აღებული ჩამდინარე წყლების ნიმუშების განმეორებითი ანალიზის შედეგად მათში ახალი კორონავირუსის გენეტიკური ნაწილაკები აღმოჩნდა. ამის შესახებ 18 ივნისს იტალიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (ISS) განაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. შედეგად, ინსტიტუტი ასკვნის, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ცირკულირებდა.

კვლევა ორმა სხვადასხვა ორგანიზაციამ დამოუკიდებლად ჩაატარა სხვადასხვა მეთოდიკით, თუმცა შედეგები იდენტური აღმოჩნდა.

ჩამდინარე (საკანალიზაციო) წყლის ნიმუშები ტურინსა და მილანში 18 დეკემბერს აიღეს, მანამ, სანამ იტალიაში პირველი covid-ინფიცირებულები გამოვლინდებოდნენ. მთლიანობაში, ჩამდინარე წყლების კვლევის ფარგლებში, 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში 40 ნიმუში იქნა აღებული. მილანსა და ტურინში 18 დეკემბერს აღებული წყლის ნიმუშების გარდა ვირუსის ნაწილაკების არსებობა ბოლონიაში 2020 წლის 29 იანვარს აღებულ წყლის ნიმუშშიც დადასტურდა. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ჯუზეპინა ლა როზამ განაცხადა.

ამასთან, მკვლევარებმა ჩაატარეს ოქტომბერსა და ნოემბერში აღებული ჩამდინარე წყლების ნიმუშების განმეორებითი ანალიზებიც. მათი განცხადებით, ნოემბრისა და ოქტომბრის ნიმუშებში SARS-CoV-2-ის რიბონუკლეინის მჟავა არ დაფიქსირდა.

რამდენიმე ქვეყანაში მეცნიერები ჩამდინარე წყლის ნიმუშებს ინფიცირების და ეპიდემიის გავრცელების შესაძლო კერების გამოსავლენად იკვლევენ. ვარაუდობენ, რომ წყლებში კორონავირუსის რიბონუკლეინის მჟავის არსებობაზე რეგულარული მონიტორინგის შედეგად შესაძლებელი იქნება მოსახლეობის ძვირადღირებული მასობრივი ტესტირების თავიდან აცილება.

იტალიაში SARS-CoV-2-ის გენეტიკური ნაწილაკების აღმოჩენა ჩამდინარე წყლის ნიმუშებში ადასტურებს, რომ ევროპაში ვირუსმა გაცილებით ადრე შეაღწია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

მაისის დასაწყისში ფრანგმა ექიმებმა, რომლებმაც ხელახლა გამოიკვლიეს გასული წლის დეკემბერში პნევმონიით დაავადებული პაციენტებისგან აღებული სისხლის ნიმუშები, ერთ-ერთი დაავადებულის სისხლში ახალი კორონავირუსის გენეტიკური ნაწილაკები აღმოაჩინეს. ამ ადამიანის სახელს და გვარს არ ასაჯაროებენ, თუმცა ის კი ცნობილია, რომ სანამ დაავადდებოდა, მას საფრანგეთი არ დაუტოვებია და ჩინეთში არც არასდროს ყოფილა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი 2 შემთხვევა იტალიაში 2020 წლის 31 იანვარს დადასტურდა – კოვიდ-19 დაუდასტურდა 2 ჩინელ ტურისტს, ცოლ-ქმარს, რომლებიც რომის სპალანცანის ინსტიტუტის კლინიკაში მოათავსეს. ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა 29 წლის იტალიელ მამაკაცს, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან სპეცრეისით დაბრუნებულ იტალიის მოქალაქეებს შორის იყო. კორონავირუსის აფეთქება და სწრაფად გავრცელება კი ქვეყანაში თებერვლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ლომბარდიაში ვირუსის კერა გამოვლინდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close