საზოგადოებასაქართველო

„TV პირველი“ დიანა ტრაპაიძემაც დატოვა – ვინ იქნება შემდეგი, ინგა გრიგოლია?

„TV პირველი“ დიანა ტრაპაიძემაც დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზები არ განმარტა. 

„დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან“, – წერს ტრაპაიძე.

„TV პირველის “ პირველი „ვარსკვლავური შემადგენლობიდან“ არხზე მუშაობას აგრძელებს ინგა გრიგოლია. როგორც 15 ივნისს გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტმა განაცხადა, არხიდან კოლეგების წასვლის მიუხედავად „TV პირველში“ რჩება და თავისი საქმის გაგრძელებას აპირებს. წამყვანის თქმით, პოლიტიკური თოქშოუ „რეაქცია“ ყოველ სამუშაო დღეს გავა ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ინგა გრიგოლიამ „TV პირველში“ დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების „შეჯახება“ დაასახელა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამ თანამდებობაზე იგი გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

„TV პირველის“ პირველი შემადგენლობის არხიდან წასვლას  წინ უსწრებდა 21 აპრილს არხზე „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის მთავარ პროდიუსერად დანიშვნა. ამის შემდეგ, „მთავარი არხიდან“ „TV პირველზე“ კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი „TV პირველის“ საინფორმაციოს აღარ უხელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: „საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით“.

12 ივნისს ტელეარხი გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს. ამის შესახებ მათ პირდაპირ ეთერში განაცხადეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close