პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქეები დაჯარიმდებიან – საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები დაამტკიცა

15 ივლისამდე შეზღუდვა მოქმედებს ქორწილების, იუბილეების, ქელეხებისა და სხვა ხალხმრავალი წვეულებების გამართვაზე

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც ცვლილებები ძალაში შევა. 

ახალი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.

ზემოაღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ პირბადის ტარების წესს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს.

მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, შესაბამისი ცნობა აიღონ, საჭიროებისამებრ წარადგინონ და ჯარიმა თავიდან აიცილონ.

აღსანიშნავია, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს, დამრღვევის სისხლისასამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება.

პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე მიიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის არსი ისაა, რომ მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოების ჯანმრთელობა. „ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით – 20 ლარით. შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება. ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა: სკვერები, ღია სივრცეები, ქუჩა – სავალდებულო არ არის. დახურულ საჯარო სივრცეებში კი პირბადის ტარება სავალდებულოა.

რაც შეეხება ადამიანთა შეკრებებს სხვადასხვა მიზნით, ოხანაშვილი საზოაგადოებას შეახსენებს, რომ საქორწილო წვეულების გამართვაზე, ასევე სხვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიც არის: ნათლობა, იუბილე, ქელეხი – შეზღუდვები 15 ივლისამდე მოქმედებს. ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში ჯარიმა იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, ფიზიკური პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო ყველა დამსწრე პირის მიმართ, ასევე, იურიდიული პირის მიმართ – 10-ათასლარიანი ჯარიმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებას მოუწოდებს, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შეიკავონ.

„რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, პანდემიის სიტუაცია სტატისტიკურად, საერთაშორისო გამოცდილება, რეგიონში არსებული მდგომარეობა რას გვიჩვენებს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, 15 ივლისის შემდეგ როგორი რეგულაციები იქნება სოციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის ფარგლებში და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა ეს სიტუაცია თუ კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია ზოგადად იყოს გამოცხადებული, თუმცა ეს წესი ჩვენ არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც, პირობითად სექტემბერში, ვნახოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close