ღმერთის გარდა არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა – თენგიზ ცერცვაძე
მსოფლიოში ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კორონავირუსს სეზონური ბუნება.
„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად, გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს.
მას აქვს ისეთივე ბუნება, როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტიურდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს, თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება – შეიძლება, არც იყოს მეორე ტალღა.
ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს. მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორს ჰანს კლიუგს კი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინი სექტემბერში აქვს.
„არსებობს COVID-19-ის მეორე ტალღის აშკარა საფრთხე და თუ ვირუსის შეკავება ვერ მოხდება, ის დამანგრეველი იქნება“, – მიაჩნია WHO-ს ევროპელ ჩინოსანს.
კომენტარები