სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქლაივში თავად განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება და სანამ ამის შესაძლებლობა ექნება, მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.
სომხეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია 9492 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა რვა ადამიანი და კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში ცალკე აღრიცხავენ იმ კოვიდ-პაციენტებს, რომლებიც „სხვა დაავადებებით“ გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის 55 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში 3402 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5951-ს აღწევს. მათგან ექიმები 10 პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.
ნიკოლ ფაშინიანი თავის ფეისბუქგვერდზე დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და სთხოვს კვალიფიციურ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, რომლებსაც სურთ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა, თავიანთი რეზიუმე მითითებულ მისამართზე ([email protected]) გაგზავნონ.
3 დღის წინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით (ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 3204-ს უდრის) იტალიის დონეს (3853) მიაღწევსო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები