fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ფუფუნებაში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდები“ საბერძნეთის ციხეში და გაოგნებული პოლიცია (ფოტოები)

ამ VIP საკნებში საბერძნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ქართველი „კანონიერ ქურდები“ და მათი კლანის წევრები იყვნენ

საბერძნეთის პოლიცია გაოგნებული დარჩა, როდესაც ნიღრიტის ციხეში (სერესის ოლქი) მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა iefimerida.gr წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

ბერძნული პოლიცია (ELAS) შაბათს, 23 მაისს, დილის საათებში მოულოდნელად შევიდა ციხეში შესამოწმებლად და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: სამართალდამცველებმა ისეთი საკნები აღმოაჩინეს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს შეშურდებოდათ. გამოცემის ცნობით, ამ ციხეში „ქართულ-რუსული“ მაფიის ლიდერი და მისი მოადგილე იხდიან სასჯელს. რეიდის მიზეზი დარღვევების შესახებ შესული არაერთი შეტყობინება გახდა.

პოლიციის მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო, როდესაც ნახეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, როგორ შედის ციხეში 10 მაისს ერთ-ერთი ბერძენი პატიმრის ცოლი. კამერამ დააფიქსირა სუპერმარკეტის ბორბლებიანი ურიკა, რომელსაც ქალი მიაგორებს და მას დაცვის უფროსი აცილებს. პატიმრის ცოლს ქმრისთვის საკვები და სხვადასხვა ნივთი შეაქვს, მათ შორის, პრინტერი, ინტერნეტთან დასაკავშირებელი მოწყობილობები, ანტისეპტიკები, დიდი ოდენობით ენერგეტიკული სასმელი Red Bull-ი და სხვ.

ფოტო: ΣΚΑΪ

ბერძენ სამართალდამცველებს საკნებში დახვდათ ყველაზე თანამედროვე ე. წ. „გაღუნული“ ტელევიზორები, ორკამერიანი მაცივრები, უახლესი მოდელის კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, მიკროტალღური ღუმელი და სხვა სახის ელექტრო და ელექტრონული ტექნიკა, სპორტული ტრენაჟორები, სამზარეულოს ჭურჭელი, ღვინის ბოთლები, მაყალი და აკვარიუმიც კი… ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მარიხუანა და ნარკოტიკული ნივთიერებების აბები, ნაღდი ფული.

საკნებში, სადაც ქართულები იხდიან სასჯელს, სველი წერტილები – საშხაპე და ტუალეტი ციხის სტანდარტული ფილების ნაცვლად ძვირფასი მოზაიკური ფილებითაა მოპირკეთებული, არის ჯაკუზიც.

ფოტო: ΣΚΑΪ
ფოტო: ΣΚΑΪ

საბერძნეთის პროკურატურამ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე, აგრეთვე, დაცვის უფროსი.

საქმე კვალიფიცირებულია, როგორც დანაშაულებრივი შეთანხმება ციხის ხელმძღვანელობასა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის.

ფოტო: ΣΚΑΪ

მასშტაბურ რეიდს კოორდინაციას უწევდა ჩრდილოეთ საბერძნეთის პოლიციის გენერალური ინსპექტორი, გენერალ-ლეიტენანტი კონსტანტინოს სკუმასი. ოპერაციაში 83 პოლიციელი და 6 სამსახურებრივი ძაღლი მონაწილებდა. პირადად გაჩხრიკეს 62 პატიმარი, 30-ის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

განსაკუთრებულ პრივილეგიებში მყოფი 30 პატიმრიდან 13 საბერძნეთის მოქალაქეა, 17 კი – უცხო ქვეყნის.

ოფიციალური წყაროების ცნობით, პრივილეგირებულ პატიმართაგან 19 – ქართველია, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ე. წ. „კანონიერი ქურდები“, მათ შორის, 31 წლის ნოდარ შუკაკიძე (ნოდო გლდანსკი) და 44 წლის დავით მაზანაშვილი (დათო რუსთავსკი).

ფოტო: ΣΚΑΪ

ორივე მათგანი გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტის“, ლაშა შუშანაშვილის ბერძნული კლანის წევრია, რომლებიც 2018 წელს ევროპოლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის (კავკასია-ნორმანდი) დროს დააკავეს.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ამავე კლანის წევრები არიან სხვა ქართველი პატიმრებიც.

ერთ-ერთი პატიმრის, „კანონიერი ქურდის“, 44 წლის დავით მაზანაშვილის ადვოკატმა ვასილიკი კამილარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პატიმრებს ამ ყველაფრის უფლება ჰქონდათ და რეალურად კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწყობილობების დაყენება ციხის საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული „სირიზას“ მთავრობის დროს.

აკვარიუმი საკანში. ფოტო: ΣΚΑΪ

შეგახსენებთ, რომ სწორედ საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ნიღრიტის (Νιγρίτα) ციხეში მოხდა ინციდენტი გასული წლის 27 ივლისს, როდესაც 43 წლის რუსმა პატიმარმა შელაპარაკების და ჩხუბის დროს 35 წლის ქართველ მამაკაცს სერიოზული დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქართველი პატიმარი გარდაიცვალა.

საბერძნეთი: რუსმა პატიმარმა ციხეში ქართველი თანამოსაკნე მოკლა

რუსმა პატიმარმა ქართველი თანამოსაკნის მკვლელობის მიზეზი დაასახელა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close