საზოგადოებასაქართველო

თბილისური კარანტინი და ფანჯრიდან გადმოღვრილი სიმღერა (ვიდეო)

„ვიდექით და ვუსმენდით ცხვირპირაკრულები, კარანტინით დათითოებულები… გაუცხოებულები...“

დღევანდელი, ფანტასტიკური რომანის მსგავსი რეალობის შესახებ ალბათ მრავალი მოთხრობა, ნოველა თუ რომანი იწერება და დაიწერება. ეს პატარა  ჩანახატიც, რომელსაც ჟურნალისტი ფერიდე ბიწაძე თავის ფეისბუქგვერდზე წერს, თბილისური კარანტინის ერთი ნათელი შტრიხია, სითბოს რომ ჩაგიღვრის სულში და ლამაზ მელოდიას აახმიანებს. 

„მარტო საჩემოდ ვერ დავიტოვებ, უნდა მოგიყვეთ:
პურზე ვიყავი ჩასული ახლა, რუტინულ-დისტანციურ რიგში დგომა მომიწია… და ამ დგომისას, კორპუსის რომელიღაცა სართულის, რომელიღაცა ღია ფანჯრიდან წყნარად გადმოიღვარა ეს სიმღერა … კიდევ და კიდევ… კიდევ და კიდევ… ვიდექით და ვუსმენდით ცხვირპირაკრულები, კარანტინით დათითოებულები… გაუცხოებულები… მობუზულები… კინოკადრივით სურათი იყო… გული მომეწურა… გამახსენდა, იყო ასეთი პოეტი, ლილი ნუცუბიძე, სიმღერა მის ლექსზეა დაწერილი… ადვილად დასამახსოვრებელ, მოკლე-მოკლე, სასიმღერო ლექსებს წერდა უმეტესად…

რატომ მახსოვს?..

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, მე «ცნობილი» ჰერბარიუმი ვარ, ხმების, სუნების და გემოების მტვრიანი, ზამბარის სახურავიანი ძველი სკივრი… და კიდევ, ჩემი მოწაფეობისას, გოგოები რომ აკეთებდნენ გასართობ რვეულებს (დირექტორის შვილს, მე არასდროს მქონია), მსახიობების, ლამაზი გოგო-ბიჭების ფოტოებით გაფორმებულს, თითო გვერდზე თითო კითხვით და მერე ამ კითხვებზე რომ უნდა გეპასუხა, ასეთ რვეულში მაქვს ჩაწერილი ლილი ნუცუბიძის, იმხანად აკვიატებული ერთი ლექსი, რომელიც დღემდე მიყვარს და მახსოვს:

სული შენს სულზე მომითბე
თუ ნაადრევად აცივდა,
შენთვის ყველაფერს მოვითმენ,
შენთვის ყველაფერს ავიტან.

შენა ხარ ჩემი აპრილი,
ატმის ტოტზე რომ ირწევა,
ხანდახან თუ არ ავტირდი
ღიმილი დამავიწყდება…

ამოვედი სახლში… დავგუგლე… იუთუბზე, სამწუხაროდ, გოგი დოლიძის და ეკა მამალაძის ის ვერსია ვერ ვიპოვე, დღეს დილიდან ჩემმა თანაქუჩელმა უცნობმა ქალმა (კაცი ვერ იქნებოდა) რომ აიკვიატა… მადლობა მას!..
რაც ვიპოვე, ესაა.
#არაპურითახოლოცხოვნდებისკაცი
#მენატრებითადამიანებო 💞

გოგი დოლიძის და ეკა მამალაძის მიერ შესრულებული ვერსიაც მოვძებნეთ. მოუსმინეთ და დატკბით.

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close