საერთაშორისო ორგანიზაცია – ჩერნობილიდან რადიოაქტიური ღრუბელი, სავარაუდოდ, ევროპამდე მიაღწევს
საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარს სერიოზულად მოეკიდნონ.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა, რომელმაც შესაძლოა ევროპასაც მიაღწიოს.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში კი, თუ ახლა რადიაციის დონე დაბალია, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი ახალ და უფრო დაბინძურებულ ზონებში გავრცელდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ აცხადებენ, რომ უკრაინიდან მომავალმა ღრუბელმა უკვე მიაღწია ევროპის რამდენიმე სახელმწიფომდე, სადაც დაფიქსირდა რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის მომატებული დონე.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კიევში და კიევის ოლქში, ისევე როგორც ჩერნობილის აკრძალულ ზონაშიც, რადიაციული ფონი ნორმაშია.
ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეებმა რამდენიმე კერის ლიკვიდაცია და ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში „ანტიდივერსიული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტებზე მოახდენს რეაგირებას.
1tv.ge
კომენტარები