fbpx
მედიცინასაქართველო

რაღაც აფერხებს ამ ვირუსს ჩვენს ქვეყანაში, ოღონდ არ ვიცით, რა და აუცილებლად გვეცოდინება – ლევან რატიანი

გენეტიკური წინასწარგანწყობის თეორიას Covid-19-თან დაკავშირებით სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება

ეს ვირუსი [SARS-CoV-2/COVID-19] სხვადასხვა გენოტიპში სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებებს იწყებს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

რატიანმა ისაუბრა იმ შესაძლო გარემოებაზე, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია.

„არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებული. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია ესეც განაპირობებდეს ჩვენს ქვეყანაში ვირუსზე ასეთ გამოვლინებას.

ახლა ჩვენ ვართ პიკის ეტაპზე, უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით და აუცილებლად გვეცოდინება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს, კორონავირუსის პანდემიის დროს, აქტუალურია „ესპანური გრიპის“ გახსენება, რომელიც 1918-1919 წლებში მოედო მსოფლიოს და რომელმაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ესპანური გრიპით თითქმის 500 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, რაც მთელი პლანეტის მაშინდელი მოსახლეობის მესამედს შეადგენდა.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც პანდემიის რისკის ზონაში შედიოდა, მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. იქნებ მაშინაც, ერთი საუკუნის წინათ, ჩვენმა ადრენალდამოკიდებულმა გენეტიკამ იმუშავა? 

სოციალური ქსელის მომხმარებელმა Tengiz Verulava-მ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:

„1918-1921 წლების ჯანდაცვაზე ერთ ნაშრომს ვამზადებ და წავაწყდი ცნობას, რომ იმ პერიოდში ამბულატორიების ქსელის განვითარებამ რეალურად შეასუსტა I მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილი გრიპის ახალი ვირუსის, ე. წ. „ისპანკის“ გავრცელების მასშტაბი, რომელმაც ევროპაში რამდენიმე ათეული მილიონი სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც პანდემიის რისკის ზონაში შედიოდა, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.

ქვეყანამ განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა. დღევანდელ პანდემიასთან მიმართებით, საქართველოში შედარებით დაბალი ლეტალობის მაჩვენებელი შესასწავლია“, – წერს პოსტის ავტორი.

„თანდაყოლილი იმუნიტეტი“ ინფექციური დაავადებების მიმართ – ცნობილი ფენომენია, მაგ., გენის CCR5 რეცეპტორის მუტაციის შედეგად ადამიანი აივ/შიდსის ინფექციის მიმართ მდგრადი ხდება ანუ იმუნიტეტი უყალიბდება.

Covid-19-თან დაკავშირებით გენეტიკური წინასწარგანწყობის თეორიასაც სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება.

საგულისხმოა ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც tbilisipost.ge-ს თარგმანით გთავაზობთ:

ვირუსული პანდემიის კოვიდ-19-ის მკურნალობისა და კვლევის პროცესში ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები შეთანხმებულები არიან იმ საკითხში, რომ ახალი კორონავირუსი წარმოადგენს საშიშროებას და მძიმე შემთხვევებში ლეტალური გამოსავალით მთავრდება იმ პაციენტებისათვის, რომლებიც განეკუთვნებიან ორ რისკ-ჯგუფს – ხანდაზმულებსა და ქრონიკულად დაავადებულებს. მაგრამ გვხვდება შემთხვევები, გაცილებით მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი რაოდენობით, როდესაც ახალი კორონავირუსით ბავშვების, ახალგაზრდებისა და ჯანმრთელი მოზრდილების დაინფიცირება ასევე სიკვდილით მთავრდება.

სწორედ ასეთი პაციენტების სიკვდილის მიზეზის კვლევითაა დაინტერესებული ფრანგი პედიატრი და იმუნოლოგი ჟან-ლორან კაზანოვა, რომელიც თავის კოლეგა ლორან აბელთან ერთად ხელმძღვანელობს ინფექციური დაავადებების გენეტიკური კვლევის ლაბორატორიის პარიზისა და ნიუ-იორკის ფილიალებს.

„როდესაც პაციენტებად გვყავს არა ხანდაზმულები ან ქრონიკული ავადმყოფები, არამედ პრაქტიკულად ჯანმრთელი პაციენტები, ამ აუხსნელი შემთხვევების კვლევა გვიბიძგებს იმისკენ, რომ დავუშვათ ვირუსის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობის ვარაუდი“, – ამბობს მეცნიერი.

მედიკოსის აზრით, გენეტიკური წინასწარგანწყობა თავს არ ამჟღავნებს მანამ, სანამ შემხებლობაში არ მოვა ვირუსთან. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ასეთი კატეგორიის პაციენტების დაინფიცირებისას თავს იჩენს ვირუსის მიმართ გენეტიკურ დონეზე არსებული მოწყვლადობა, ამიტომაც აუცილებელია კვლევის გაგრძელება გენომის მოლეკულური აგებულების გაშიფვრის მიზნით.

აღნიშნული ინიციატივით მეცნიერი 23 მარტს წარდგა კოვიდ-19-ის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს წინაშე. აღსანიშნავია, რომ მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობის ფაქტორის მნიშვნელობის კვლევის მიმართულებით ისეთი ინფექციების მიმდინარეობისას, როგორიცაა ჰერპესული ენცეფალიტი, ტუბერკულოზი და გრიპი.

ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ მდგრადობის გენეტიკური ფაქტორების კვლევა უკვე დაიწყო გენეტიკურ კვლევებზე სპეციალიზებულმა რუსულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Genotek-მა. ამის შესახებ კომპანიამ 7 აპრილს განაცხადა. Genotek-ს რუსეთში ყველაზე დიდი კერძო გენეტიკური ლაბორატორია აქვს. კომპანია მუშაობს PCR-ტესტების საკუთარ ვერსიაზეც.

კვლევის დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანანა ბანძელაძე

p. s. ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევა – 18 აპრილის შემდეგ 25 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა; გამოჯანმრთელდა 95, გარდაიცვალა 4 პაციენტი. ოთხივე გარდაცვლილი ქალია, 73, 79, 81 და 86 წლის პაციენტები, რომლებსაც, ექიმების თქმით, COVID-19-თან ერთად სხვა სერიოზული პათოლოგიებიც ჰქონდათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close