ბორჯომელი ძაღლი, რომელიც მე-12 სართულიდან გადმოაგდეს, გადარჩა და პატრონს ელოდება (ვიდეო)
„ბორჯომელ ძაღლს, რომელიც მე-12 სართულიდან გადმოაგდო ახალგაზრდა კაცმა, დღეს მე-2 ოპერაცია გავუკეთეთ. ძაღლი ორსულად იყო და ძირს დაცემისას ყველა ლეკვი დაეხოცა მუცელში. პირველი ოპერაციის დროს 8 მკვდარი ლეკვი და საშვილოსნო ამოვუღეთ. ხოლო დღეს 11 აპრილს მენჯის დამსხვრეული ძვალი რკინის ღეროზე ააწყო ექიმმა ალიკა ქანაშვილმა კლინიკა “აიბო”-ში.
ერთ თვეში მენჯის ძვალი შეხოცდება და კლინიკა “აიბო”-ში მინი ოპერაციით რკინის ღეროს ამოუღებენ. ექიმის რეკომენდაციით ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ანუ 30 დღე) , რომელიც ძალიან მარტივია მხოლოდ ბეტადინით და ქლორგექსიდინის ხსნარით დამუშავებას ითვალისწინებს, უმჯობესია რომ ძაღლმა გაიაროს საკუთარ სახლში პატრონთან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ძაღლი არ დაისტრესოს უცხო გარემოში, არ ჩავარდეს დეპრესიაში, რაც აუცილებლად ლეტალური შედეგით დამთავრდება“, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუქში და ვიდეოს აქვეყნებს.
მისი თქმით, პატრონს დეტალურად აუხსნა ყველაფერი, ტრანსპორტირების ხარჯებსაც თავშესაფარი გაიღებს, რადგან ძაღლის სამკურნალოდ ბევრმა ადამიანმა ჩარიცხა თანხა, მაგრამ პატრონი ამბობს, რომ 30 დღის შემდეგ, როცა მკურნალობა დასრულდება და რკინის ღეროსაც ამოუღებენ, ძაღლს მერე წაიყვანს. თამაზ ელიზბარაშვილი კი შიშობს, რომ შესაძლოა დეპრესიამ ძაღლის გამოჯანმრთელებას ხელი შეუშალოს და საბრალო ჰასკი დაიღუპოს, რადგან უამრავ სტრესთან ერთდ, რომელიც გადაიტანა, გადმოგდებიდან დაწყებული, ოპერაციების და უცხო გარემოში მოხვედრის ჩათვლით, კიდევ ერთი დიდი სტრესი აქვს – ძაღლი ფიქრობს, რომ მიატოვეს.
იმედია, პატრონი ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ გულს მოიბრუნებს, ადამიანობას გამოიჩენს და ამ საყვარელ არსებას თან წაიყვანს, რომელიც, პატრონს რომ ასეთი რამ შემთხვეოდა, დარწმუნებულნი ვართ, კუბოს კარამდე არ მიატოვებდა და ძაღლური უანგარო, უპირობო ერთგულებით უერთგულებდა.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: ბორჯომში მე-12 სართულიდან მაკე ძაღლი გადმოაგდეს
კომენტარები