„ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებას“, – ამბობდა 8 წლის გიო…
ესპანეთში კორონავირუსით გიოს დედა გარდაიცვალა (ვიდეო)
21 მარტს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ახალგაზრდა ქალი 5 შვილის დედა ცირა ალიხანაშვილია, რომელსაც საქართველოში მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. საქველმოქმედო ფონდმა ის სამკურნალოდ ესპანეთში გაგზავნა. 16 მარტს ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ახლობლების ვარაუდით, იგი საავადმყოფოში დაინფიცირდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ისე გარდაცვლილის ნათესავებთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ყოველმხრივ დახმარება.
გარდაცვლილის მეუღლე მამუკა ნაჭყებია პრაიმტაიმთან კომენტარში ამბობს, რომ თუ გადმოსვენების საკითხი დროულად ვერ მოგვარდა, მისი მეუღლის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ადგილობრივი ხელისუფლება დაითანხმოს გარდაცვლილის დამარხვაზე და უკვე მოგვიანებით ცხედრის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობას იქნება.
რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში საინიციატივო ჯგუფმა „სიკეთის ქალაქმა“, რომელიც უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვებს და მოხუცებს ეხმარება, ცირა ალიხანაშვილის 8 წლის შვილის, გიო ნაჭყებიას ინტერვიუ გაარცელა.
„ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებას“, – ამბობს გიო ინტერვიუში და თავისი ოჯახის გასაჭირს ჰყვება.
19 მარტს ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები