საქართველოსაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფიცირების შემთხვევებმა 54-ს მიაღწია

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა და იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, 3-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა ჟურნალისტებს.

ეზუგბაიას ინფორმციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტია გამოჯანმრთელებული, მათგან ერთმა გუშინ, 21 მარტს დატოვა სტაციონარი, მეორე კი დღეს გაეწერება:

„მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს; ე. ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ეს ის სამი პაციენტია, რომლებსაც პირველებს დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი.

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 54-ს აღწევს. გუშინ ეს რიცხვი 49 იყო – კიდევ 5 ინფიცირებული დღეს დილით დაემატა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 მარტს დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან სამი ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული პაციენტების კონტაქტია, 2 კი – ახალი შემთხვევა. მისი თქმით, ხუთი ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 დაინფიცირებულია მოთავსებული:

„ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთ ჯგუფთან კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის მძიმე და იმედია, არ იქნება, უკვე მეხუთე ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე   გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინში 2 956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 291 ადამიანი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close