კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, – ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩინელი მეცნიერები. მათ დაადგინეს, რომ კორონავირუსი II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე სხვა ჯგუფების სისხლის მქონე პირებს. ამის შესახებ Medrxiv-ის საიტზე გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
უჰანის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა და მათმა კოლეგებმა სამხრეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან გააანალიზეს 2173 ინფიცირებული პაციენტის ტესტები სამი საავადმყოფოდან – უჰანის და შენჩჟენის კლინიკებიდან. მათგან 206 ტესტი იყო იმ პაციენტების, რომლებიც COVID-19-მა იმსხვერპლა.
თავდაპირველად მეცნიერებმა გამოიკვლიეს ჯანმრთელი ადამიანების მიზნობრივი ჯგუფი – უჰანის 3694 მცხოვრები – და გაარკვიეს, რომ მათგან 33,84%-ს ჰქონდა I ჯგუფის სისხლი, 32,16%-ს – II ჯგუფის სისხლი, 24,9%-ს – III ჯგუფის სისხლი, ხოლო 9,10%-ს – IV ჯგუფის სისხლი.
კორონავირუსით ინფიცირებული 1775 პაციენტის ტესტებმა უჰანის ცზინინტანის საავადმყოფოდან (მათ შორის, 206 გარდაცვლილის) აჩვენა, რომ 25,80% იყო I ჯგუფის სისხლის მქონე, 37,75% – II ჯგუფის სისხლის მქონე, 26,42% – III ჯგუფის სისხლის მქონე, 10,03% – IV ჯგუფის სისხლის მქონე. ანალოგიური შედეგები აჩვენა კიდევ 398 პაციენტის ტესტების კვლევამ, უჰანის სხვა საავადმყოფოდან და შენჩჟენის საავადმყოფოდან.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ COVID-19-ის მიმართ მიმღებლობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ადამიანის სისხლის ჯგუფზე – დაავადებულთა შორის პროცენტულად მეორე ჯგუფის მქონე ადამიანები ჭარბობენ (თითქმის 12%-ით მეტი, ვიდრე პირველი და მესამე სისხლის ჯგუფების შემთხვევაში) და კორონავირუსი მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე სხვებისთვის.
საინტერესოა, რა სურათი იქნებოდა, იტალიაში ან, ვთქვათ, ირანში მსგავსი კვლევა რომ ჩატარებულიყო?
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები