მმართველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე შეთანხმდნენ
მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსენსუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება; გაფორმდა მემორანდუმი და მას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.
კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით – 120/30-ზე (120 დეპუტატი – პარტიული სიით, 30 – მაჟორიტარული მანდატით), იქნება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და, აგრეთვე, 40-პროცენტიანი ბარიერი უმრავლესობის დასაკომპლექტებელად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩეველთა 40 პროცენტზე ნაკლების მხარდაჭერას მიიღებს, მოგების შემთხვევაშიც, არ ექნება შესაძლებლობა, მთავრობა სრულად დააკომპლექტოს.
„დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს და საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას. ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ და, რაც მთვარია, ხელისუფლებამ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები