fbpx
რჩევები

სუპერსაკვები მიკრომწვანილი – მოიყვანეთ მარტივად სახლის პირობებში

საუკეთესო საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

მიკრომწვანილები (micro greens) აღიარებული სუპერსაკვებია, რომელიც, ეგზოტიკური მცენარეებისგან განსხვავებით, ყველასთვის ხელმისაწვდომია. საკმარისია მხოლოდ ცოტაოდენი ძალისხმევა და ვიტამინებისა და მინერალური ელემენტების მთელი სპექტრი, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ენერგიას აძლევს, ხელის გაწვდენაზე შეიძლება გვქონდეს.

სახლში მიკრომწვანილის გამოსაზრდელად საჭირო არაა ძვირადღირებული აღჭურვილობა ან სპეციალური მასალა. საიდუმლოებით მოცული ტერმინი „მიკრომწვანილი“ ბოსტნის ყველაზე გავრცელებული მცენარეების აღმონაცენებს ნიშნავს. როდესაც აღმონაცენზე პირველი ნამდვილი ფოთლები ჩნდება, ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კონცენტრატად იქცევა და სწორედ ამ ეტაპზეა რეკომენდებული მათი მირთმევა.

მათი გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს: გემრიელი ახალი მწვანილი ემატება სმუზებს, სალათებს, სენდვიჩებს, გარნირებს, წვნიანებს ან პირდაპირაც შეგიძლიათ მიირთვათ.

ამ პროდუქტის გაზრდა, თუნდაც ქალაქის ბინაში, მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლო ის ადრეულ გაზაფხულზეა, როცა ორგანიზმს ყველაზე მეტად ესაჭიროება მიკრო და მაკროელემენტები. დათესვიდან 1-2 კვირაში უკვე შესანიშნავ მოსავალს მოიწევთ. ხარჯები მინიმალურია – საჭიროა მხოლოდ მუდმივად შეავსოთ სათესლე ფონდი და მიწა.

მცენარეთა მრავალი სახეობის გამოზრდა ნიადაგის გარეშეც შესაძლებელია, სველ დოლბანდზე ან ბამბის ქსოვილზე, თუმცა შეგიძლიათ  შეიძინოთ სპეციალური კონტეინერი მიკრომწვანილისთვის, სადაც ერთდროულად რამდენიმე კულტურის მოყვანას შეძლებთ. ეს გაცილებით ლამაზიც იქნება და ფუნქციურიც.

რომელი მიკრომწვანილი გამოვზარდოთ?

ღივებისგან განსხვავებით, რომლებიც სიბნელეში ინახება, მიკრომწვანილს შუქი სჭირდება. რაც მეტია სინათლე, მით უკეთესი, რადგან მისი ზეგავლენით, პირველ ფოთლებში ძლიერი ანტიოქსიდანტი და ბუნებრივი ანტიბიოტიკი – ქლოროფილი წარმოიქმნება. ზოგი მცენარე მეტ შუქს მოითხოვს, ზოგი კი მშვიდად შეიძლება განვითარდეს შედარებით ბნელ ოთახში. ჩამოვთვლით ყველაზე პოპულარული სახეობებს.

მარცვლეული: წიწიბურა, ქერი, სიმინდი, ხორბალი, შვრია, ამარანტი, სელი, მზესუმზირა.

პარკოსნები: სოია, ოსპი, ბარდა, სამყურა, იონჯა.

ბოსტნეული: ჭარხალი, ბროკოლი, თეთრი და წითელი კომბოსტო, სტაფილო, გოგრა.

სალათეული: ისპანახი, მანგოლდი, პრასი.

მწვანილი: ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი (ბაზილიკი), მაიორანი.

სარგებელი და ზიანი

როდესაც ღივი გამოჩნდება, თესლი მას ყველა სასარგებლო ნივთიერებით ამარაგებს, რომელიც შემდგომი სიცოცხლისათვისაა აუცილებელი. საწყის სტადიაზე აღმოცენებული მწვანილის გამოყენებისას ორჯერ უფრო მეტ ძვირფას ელემენტს ვიღებთ, ვიდრე ეს ზრდასრული მცენარისგანაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, პროდუქტი უფრო ადვილია მოსანელებლად, ვიდრე, მაგალითად, მარცვლეულისა და პარკოსნებისგან მომზადებული კერძები. ამასთან, მათში კალორიების თითქმის ნულოვანი შემცველობაა.

გამონაკლისის გარეშე, ნებისმიერი სახეობის მიკრომწვანილში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი, რომლის კონცენტრაცია მით უფრო მცირდება, რაც მეტი ფოთოლი ვითარდება მცენარეზე. დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერების არსებობის გამო ნებისმიერი მიკრომწვანილი შემდეგ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე:

  1. გვმუხტავს ენერგიით და გვიმაღლებს სიცოცხლის ტონუსს, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ზამთრის შემდეგ.
  2. აძლიერებს იმუნურ სისტემას, გრიპებისა და ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ მედეგობას, აჩერებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს.
  3. წმენდს ტოქსინებისა და შხამებისგან, მათ შორის, რადიაციისა და არასწორი კვების შედეგებისგან.
  4. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ვეგეტატიურ-სისხლძარღვული დისტონიის, ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების ალბათობას.
  5. აახალგაზრდავებს უჯრედულ დონეზე, აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას. ათავისუფლებს აკნეს, ასაკობრივი ლაქების, დერმატოლოგიური პრობლემებისა და სოკოებისგან.
  6. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
  7. აწესრიგებს ჰორმონალურ ფონსა და ენდოკრინულ სისტემას.

ყურადღება! დიეტოლოგები არ გვირჩევენ ლობიოს აღმონაცენების საკვებად გამოყენებას, მათ შეუძლიათ ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიონ.

მიკრომწვანილი სახლის პირობებში

საჭირო მასალები

  • მიკრომწვანილის თესლი (შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩვენ მიერ აღებული ან ნაყიდი თესლიც, მთავარია, ისინი სასუქების გარეშე იყოს მოყვანილი);
  • ნებისმიერი პლასტიკის კონტეინერი;
  • ნიადაგი (ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის სასუქებს არ შეიცავს);
  • ოთახის ტემპერატურის წყალი;
  • ცელოფანი, რომლის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან დასაშვებია.

კონტეინერში ნახევარ სანტიმეტრის სიმაღლეზე დავყაროთ მიწა და ცოტათი დავტკეპნოთ. ფრთხილად მოვასხათ წყალი კოვზით ან შევასხუროთ პულვერიზატორით (ნიადაგი უნდა დაინამოს და ძლიერად არ დასველდეს), შემდეგ მოვაყაროთ წინასწარ რამდენიმე საათით წყალში დამბალი თესლი. ისევ დავნამოთ, დავაფაროთ ცელოფანი და დავდგათ ბნელ ადგილას.

დღეში ორჯერ კონტეინერს ცელოფანი უნდა გადავხადოთ და დავნამოთ. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ღივები გამოჩნდება, კონტეინერი ფანჯრის რაფაზე შეგვიძლია შემოვდოთ.

წყალი მცენარეს მივაწოდოთ საჭიროების მიხედვით. ობისგან თავის დასაცავად კარგი საშუალებაა წყალში 1 ჩ. კ. ნებისმიერი ფერმენტატის (მაგალითად, ბურახი ან მჟავე კომბოსტოს წვენი) დამატება.

დაახლოებით 1-2 კვირაში (გააჩნია მცენარეს) მიკრომწვანილი მზადაა.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close