საქართველოვიდეოისტორია

ვანი – ძველი საქართველოს პომპეი (ვიდეო)

„აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა… დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე…“ -

უძველეს ქალაქ ვანს თავდაცვითი და კომერციული მნიშვნელობა ჰქონდა. ძველ დროში ის აღმოსავლეთიდან ფოთში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვის შუალედურ წერტილად ითვლებოდა. ცნობილია, რომ ქალაქი ვანი ძვ. წ. I საუკუნეში განადგურდა. ამ ვერსიას ადასტურებს დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ჭურვები.

უძველეს დროში ქალაქი ვანი ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით. მე-19 საუკუნის დასაწყისში ვანის შემოგარენებში მრავალი ოქროს სამკაული და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს. ადგილობრივმა გლეხებმა იაფად გაიყიდეს მათ მიერ ნაპოვნი ნივთები, რადგან არ იცოდნენ მათი ნამდვილი ღირებულება.

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების პოტენციურ წყაროს, ჯერ კიდენ XIX საუკუნეში მიაქციეს ყურადღება. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ფრანგი ქართველოლოგი, აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც საჩინოს ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი (სამწუხაროდ, ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია).

მარი ბროსეს აღწერით, ქანდაკება იყო „მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით“. ხოლო 1876 წელს ქართული გაზეთი „დროება“ წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა… დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე…“. სწორედ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს დაიწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები ქალაქის ტერიტორიაზე, რომელმაც სისტემატიური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო. მას შემდეგ ვანმა არაერთი უდიდესი მნიშვნელობის არტეფაქტი აჩუქა საქართველოს…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close