საქართველოსაზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ

ვითარება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

„112-ში კორონავირუსული ინფექციის მოტივით გამოძახების დაფიქსირების დროს შესაბამისი სამსახურები გამოძახებათა ფილტრაციასა და წინასწარ იდენტიფიკაციას ახდენენ. სპეციალისტების მიერ სხვადასხვა კრიტერიუმით და შესაბამისი პროტოკოლით ფასდება, რამდენად მიეკუთვნება შემოსული ზარი კორონავირუსთან დაკავშირებულ საეჭვო შემთხვევას, რის შემდგომაც, საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟი მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას პერსონალური დაცვის შესაბამისი აღჭურვილობით უწევს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციაში.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.  პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულები საქართველოს მოქალაქეები არიან – 2 მამაკაცი, რომლებიც ირანში იმყოფებოდნენ და 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ახალგაზრდა ქალი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. პაციენტები ინფექციურში არიან მოთავსებულები. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაავადების პროგრესირება არ აღენიშნებთ.

მისივე  თქმით, მთლიანობაში ამ დროისთვის ინფექციურში 27 პაციენტია, 8 მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია, დღეს დილით შეყვანილი 13 პაციენტის ტესტის პასუხი კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა, იქ ამჟამად 18 ადამიანია მოთავსებული კარანტინში. მათგან 16 საქართველოს მოქალაქეა, 2 – აზერბაიჯანის.

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ მათთან დაკვირვების ქვეშ მყოფი 18 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა, მაგრამ „რადგან ამ დაავადების მართვა მოითხოვს კარანტინს, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარებას, ამიტომაც ისინი დარჩებიან ჩვენთან იმდენ ხანს, რამდენსაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური გადაწყვეტს“.

კორონავირუსი არ აღმოაჩნდა 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი მისი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. მამაკაცი სახლში გაწერეს, იგი შინაიზოლაციაში იქნება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ბოქსირებულ განყოფილებაში იგი სარფის საბაჟოდან გადაიყვანეს, რადგან საზღვრის კვეთისას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა.

ამჟამად ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება. იტალიიდან დაბრუნებული 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში სიცხის გამო თავად მივიდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, მისი ნიმუშის ტრანსპორტირება ხვალ დილით მოხდება. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close