იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსის გამო მეექვსე პაციენტი დაიღუპა – ამჯერად მილანში

ყველა გარდაცვლილი ხანდაზმული ადამიანია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდათ

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ვირუსის მე-6 მსხვერპლი 80 წლის მამაკაცია კასტილიონე დ’ადადან (ლომბარდია), რომელიც მილანის საკოს (SACCO) საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

მანამდე ისევ ლომბარდიაში მეხუთე ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა – გარდაიცვალა 88 წლის მამაკაცი.

კორონავირუსის მე-6 მსხვერპლი გულის შეტევის ნიშნებით 118-მა თავიდან ლოდის საავადმყოფოში გადაიყვანა გასულ ხუთშაბათს (იმავე დღეს მოათავსეს სწორედ იმავე საავადმყოფოში 38 წლის მამაკაცი კოდონიოდან, რომელიც პირველი დადასტურებული ინფიცირებული იყო ამ რეგიონში; როგორც ცნობილია, მისი ორსული ცოლიც დაინფიცირდა). 80 წლის მამაკაცი ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მილანის საკოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს ნაშუადღევს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსის ყველა მსხვერპლი ხანდაზმული ადამიანია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდათ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გუშინ ბრეშიის საავადმყოფოში კრემის (კრემა) მკვიდრი ქალის გარდაცვალების შესახებ, ამ ინფორმაციას ლომბარდიის ხელისუფლება უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საავადმყოფოში არავინ გარდაცვლილა.

24 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 224-ს შეადგენს. ამგვარად, ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით იოკოჰამას (იაპონია) პორტში კარანტინზე მდგარ საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრენსესს“, სადაც 691 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 3 გარდაიცვალა).

ამასთან, დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ომანში. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ომანის ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით, ირანიდან დაბრუნებულ ორ მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღესვე COVID-19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ირანში, ოფიციალური მონაცემებით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსისგან 50 ადამიანია დაღუპული.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close