საქართველოსაზოგადოება

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 4-კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.

რუსი ტურისტის სამძებრო სამუშაოები ხილვადობის გაუარესების გამო შეწყდა. სამაშველო ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს ხვალ დილიდან განაახლებენ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსი ვაკო დუნდუა აცხადებს, რომ ძალიან დიდი ზვავი იყო და სამუშაოები გართულდა. მისივე თქმით, ხვალისთვის შესაძლოა სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

მსგავსი ინციდენტი 5 დღის წინ სვანეთში მოხდა.

10 თებერვალს თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვავში ტურისტები მოყვნენ.

თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ სასრიალოდ ჩამოსული ექსტრემალების ჯგუფის წევრები თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, რამაც  ზვავის უეცარი მოწყვეტა გამოიწვია.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამმა ექსტრემალმა მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, დაშავდა მხოლოდ ერთი. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი. იგი მესტიის საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

„ბიჭები ძალიან სწრაფად, დაახლოებით 5 წუთში მოვიდნენ. თუ გავითვალისწინებთ მთის სიდიდეს, სადაც მე ვიყავი, ისინი ძალიან ოპერატიულად და პროფესიონალურად მოქმედებდნენ. მე ვიცი, რომ ეს კურორტი ძალიან ახალგაზრდაა – დაახლოებით 3 წლის. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ისე სწრაფად მოახდინეს ყველაფერზე რეაგირება“, – განაცხადა დაშავებულმა ტურისტმა.

ინციდენტის შემდეგ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში განაგრძო. დილასაც მოხდა სათხილამურო გზებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე.

11თებერვალს მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის, ჯიპიეს მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დაიწყო.

სამწუხაროდ, დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ტურისტი თეთნულდზე, თოვლის საფარის ქვეშ ნახეს.

ტელეკომპანიამ „რუსთავი-2“-მა  თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის კადრები გაავრცელა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close