მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის პირველი არხი მაყურებელს არწმუნებს, რომ კორონავირუსი ტრამპის შექმნილია და ეთნიკური ნიშნით ვრცელდება

რა შუაშია თბილისის ლუგარის ლაბორატორია?

რუსული ტელევიზიის პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეყრდნობა კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შექმნილი და ის ეთნიკური ნიშნით ვრცელდება. თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ვირუსის სახელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაა კავშირში და გავრცელებაც მის ინტერესებში შედის.

წამყვანი განმარტავს, რომ თეორია სიტყვის ეტიმოლოგიას ეფუძნება. ამ აზრის მომხრეებმა სიტყვის პირველი ნაწილი წაიკითხეს, როგორც „კარონა“, რაც რუსულად გვირგვინს ნიშნავს. მათი მტკიცებით, ეს კავშირშია დონალდ ტრამპთან, რომელიც პრეზიდენტობამდე სილამაზის კონკურსებს ატარებდა და გვირგვინებით აჯილდოვებდა გამარჯვებულებს.

თავდაპირველად წამყვანი ამბავს სხვების თეორიად წარმოაჩენს, შემდეგ კი ამატებს: „სრული აბსურდია იტყვით თქვენ და მე დაგეთანხმებოდით, რომ არა კირილ ბრანინის სიუჟეტი“.

ამ სიტყვების შემდეგ იწყება სიუჟეტი, რომელშიც თეორიის საწინააღდეგო არგუმენტები არ არის მოყვანილი და პირიქით, მყარდება აზრი, რომ ამერიკას აქვს ვირუსის გავრცელების ინტერესი.

სიუჟეტში ამბობენ, რომ ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა, არის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სადაც კონსპიროლოგების მტკიცებით, ღამურებზე ჩაატარეს ცდა. მათი აზრით, კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი ღამურა ლაბორატორიიდან გაფრინდა და ადგილობრივ ბაზრობაზე მოხვდა, საიდანაც ვირუსი ხალხზე გავრცელდა. არგუმენტის გასამყარებლად გამოყენებულია The Washington Times-ის 26 იანვრის სტატია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კორონავირუსი ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღად იყოს შექმნილი.

იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეა, სიუჟეტისთვის ჩაწერილი ჰყავთ პირი, რომელსაც ვირუსოლოგად წარადგენენ. ის ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ამერიკას ხელს აძლევს.

ვირუსოლოგის კომენტარის შემდეგ სიუჟეტში უკონტექსტოდ ჩნდება რუსეთის მორიგი პროპაგანდისტული თეორია, ამჯერად თბილისის ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალი საფრთხეების შესახებ. მართალია, ლუგარს კორონავირუსთან არ აკავშირებენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ამერიკის დაკვეთით იქ ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს, რამაც ათეულობით მათგანი იმსხვერპლა.

„ლუგარის ლაბორატორიის ისტორიით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროც კი დაინტერესდა, ამიტომ ყველაფერი სერიოზულადაა. ოფიციალური თბილისი, ისევე როგორც ვაშინგტონი, ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა ვინ აღიარებს მსგავს რამეს. აი, ჩინეთის შემთხვევაში კი მოტივი არსებობს“, – აცხადებს სიუჟეტის ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის საკითხი გადაცემაში ისევე მოულოდნელად წყდება, როგორც დაიწყო.

მეტი დამაჯერებლობისთვის, მაყურებელს კვლავ ვირუსოლოგის კომენტარს სთავაზობენ, რომელიც ფულის შოვნის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას და ისევ ამერიკელებს ადანაშაულებს: ამჯერად სპეცსამსახურებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს.

სიუჟეტი კიდევ ერთი კონსპირაციის თეორიის განხილვით გრძელდება, რომლის თანახმადაც კორონავირუსი მხოლოდ ერთი ეთნოსის ხალხს ემართებათ. ავტორი ამბობს, რომ ამ მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკა არ არსებობს და რამდენიმე საწინააღმდეგო შემთხვევაც კი დაფიქსირდა, თუმცა ესაუბრება რესპონდენტს, რომელიც აცხადებს:„ტექნიკური და თეორიული მიდგომებით ეთნიკური იარაღის შექმნა შესაძლებელია“.

მოგვიანებით ისმის მოსაზრება, რომ ჩინეთი ვირუსის გამო დიდ ეკონომიკურ დანაკლისს განიცდის, რაც, ისევ და ისევ, მათი „მთავარი მოწინააღმდეგის“, ამერიკის ინტერესებშია.

სიუჟეტის დასასრულს ავტორი იმეორებს კონსპირაციის თეორიის მომხრეების არგუმენტებს, რომ ტრამპი სილამაზის კონკურსებით არის ცნობილი და ტიტულებთან ერთად ის ადრე გვირგვინებსაც არიგებდა. ავტორის ამ ტექსტს ფონად გრაფიკულად დამუშავებულ კადრები სდევს, სადაც ჩანს მოდელი, რომელსაც თავზე ჯერ გვირგვინი ახურავს, შემდეგ კი – კორონავირუსი.

დასასრულს ავტორი ამბობს, რომ ეს ისტორია კონსპირაციის თეორიების მომხრეებისთვის იმაზე არანაკლებ დამაჯერებელია, ვიდრე კინოისტორია „ზომბი“ აპოკალიფსზე.

„ნებისმიერი კონსპეროლოგი გეტყვით, რომ ფილმი ცხოვრების ანარეკლია, თუნდაც ძალიან გაზვიადებული. ღირს კი შედავება?!“ – ამბობს ის.

info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close