რა რისკს ქმნის აზარტული თამაშების „ინკოგნიტო ბარათები“
იმ პირობებში, რომ სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო შეზღუდვის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს, სათამაშო ბიზნესში არსებული კომპანიები მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს სთავაზობენ. ასეთს განეკუთვნება ახალი არასაბანკო-ინკოგნიტო ბარათები, რომელთა საშუალებითაც განხორციელებული ტრანზაქციები საბანკო ამონაწერში არ აისახება.
როგორც წესი, ბანკები იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შემოსავლის 10%-ის ბრუნვა უფიქსირდება ონლაინ ტოტალიზატორებში ან კაზინოებში, სესხზე უარს ეუბნებიან. ეს თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია, რომლის გვერდით ავლის ერთგვარი მექანიზმია ელექტრონული საფულეები და დაფარული ბარათები.
ჩნდება კითხვა, რა საფრთხის მატარებელია აღნიშნული ბარათების გამოჩენა და ამის გასარკვევად Report.ge „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს დაუკავშირდა.
„ის, რომ ბანკები სესხს არ აძლევენ მოთამაშეებს, ნიშნავს, რომ გარკვეულ რისკს ხედავენ, ეს პრობლემა კი ინკოგნიტო ბარათების შექმნით „გადაჭრა“ კაზინომ, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გარკვეულ საფრთხეს შეიცავდეს იმ კუთხით, რომ საბანკო სექტორის გარეთ მნიშვნელოვანი კონტროლის გარეშე აღმოჩნდეს თანხა, რომლის შესახებაც ბანკებს არ ექნებათ ინფორმაცია“, – ამბობს გიორგი.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა ამ საკითხის რეგულირება, გიორგი კეპულაძე პასუხობს: „ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ ბარათების არსებობა ფინანსურ სტაბილურობას ხელს არ უშლის. როგორც ჩანს, არ არის იმდენი თანხა განთავსებული ამ ბარათებზე, რომ გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოქმნას, მეორე მხრივ, ბანკებისთვის იზრდება რისკი სესხის გაცემისას და თუ ეს პრობლემები მასშტაბურ სახეს მიიღებს, რა თქმა უნდა, შემდეგ დადგება რეგულირების საკითხიც“.
როგორც ჩანს, აღნიშნული ბარათების გამოჩენა გარკვეული რისკების მატარებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი იურიდიულ პრობლემას არ ქმნის და ამ ეტაპზე მასშტაბურობიდან გამომდინარე ნაკლებად საყურადღებო პრობლემაა, მისი რეგულირების საკითხი ახლო მომავალში აქტუალური საკითხი არ იქნება.
report.ge
კომენტარები