საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების წლიური მოცულობა კვლავ გაიზარდა – რომელი ქვეყნიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის დეკემბერში შემოსულ თანხაზე 14,2%-ით (21,4 მლნ აშშ დოლარი) მეტია.
მთლიანობაში კი გასულ წელს საქართველოში 1.73 მილიარდი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე თითქმის 10%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, მხოლოდ დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან 65.15 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 37.82%-ს შეადგენს (წლიური ზრდის ტემპი 16.43%-ია). დანარჩენი ქვეყნებიდან კი საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 107 მილიონი დოლარი მიიღო (წლიური ზრდის ტემპი 12.84%).
ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის მოცულობით პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა 23.84 მლნ აშშ დოლარით, მეორეზე – საბერძნეთი 19.6 მლნ აშშ დოლარით.
ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გასულ წელს კვლავ რუსეთიდან შემოვიდა – 43,82 მლნ აშშ დოლარი; ისრაელიდან გადმორიცხული თანხა გასულ წელს 14.55 მლნ იყო, ხოლო აშშ-იდან – 16.51 მლნ დოლარი.
2019 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის დეკემბერის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7%-ით მეტია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები