რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს

ალექსანდრე ვლადიმირის ძე მენი (1935-1990 წწ.) – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ღვთისმეტყველი, მოძღვარი, წიგნების ავტორი ქრისტიანული თეოლოგიის, ისტორიისა და სხვა რელიგიების შესახებ.

წიგნში „მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს“ თავმოყრილია მამა ალექსანდრეს პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე იესო ქრისტეს, სიკეთისა და ბოროტების, აღდგომისა და უკვდავების საიდუმლოებების, ქრისტიანული სიყვარულისა და სიწმინდის შესახებ; აგრეთვე, დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ბიბლიის ყველაზე რთულად გასაგები ადგილების ინტერპრეტაციებს.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ძალიან საინტერესო წიგნიდან (გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ). 

გვიამბეთ სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე.

როდესაც ადამიანი კვდება, ჩერდება მისი გული, სუნთქვა, დგება ჯერ კლინიკური, შემდეგ კი ბიოლოგიური სიკვდილი. ამ დროს მისი სული სხეულს სწყდება, გადის სხვა განზომილებაში და გრძნობს თავს მსუბუქად, თავისუფლად და შესანიშნავად, ეს მრავალი შემთხვევით დასტურდება.

როდესაც იგი თანდათანობით ერკვევა გარემოში, სადაც მოხვდა, მის წინ წარსული ცხოვრება ჩაივლის. ადამიანი იწყებს წარსულის შეფასებას და აქ იწყება სირთულეები. თქვენი ავი აზრები, ცუდი საქმეები იქაც მიგყვებათ და თავს ვერ დააღწევთ, იძულებული ხართ, ეს ყველაფერი თავიდან განიცადოთ და თან დაინახოთ, რომელმა მოქმედებამ სინამდვილეში რა ნაყოფი მოგცათ…

კრილოვს აქვს იგავი, თუ როგორ ხარშავდა ქვესკნელში ჯადოქარი ქვაბში ორ ცოდვილს, თითოეულს – ცალკე ქვაბში. ერთი ცოტა ხანს ხარშა და შეეშვა, მეორეს კი კარგა ხანს ატრიალებდა. ისიც აღშფოთდა, ამოყო თავი ქვაბიდან და უკმაყოფილომ წამოიძახა: „აბა, ამდენ ხანს რას მატრიალებ? ის ვინ არის? ის ყაჩაღია! მე კი მშვიდობისმოყვარე მწერალი ვარ. რატომ უნდა ვიტანჯო აქ ამდენ ხანს?!” ჯადოქარმა უპასუხა: „ჩემო ძვირფასო, ეს ყაჩაღი ბინძურ საქმეებს ჩადიოდა, მაგრამ გარდაიცვალა და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. შენც მოკვდი, მაგრამ შენი ბინძური წიგნები, რომლებიც ადამიანების სულებს ბილწავს, კვლავაც აგრძელებს მოქმედებას…“ ასე რომ, ეს ძალიან რთული რამა: სიკვდილის შემდეგ ჩვენი საქმეები უკან მოგვდევს.

გამოცარიელებული სულის ადამიანი, რომელიც მიეჩვია მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებებით ცხოვრებას, როდესაც ამ ქვეყანას შორდება, საშინლად შეძრწუნებული რჩება, რადგანაც ერთმევა ყველაფერი, რითაც სულდგმულობდა. როგორ ცხოვრობს აქ ასეთი ადამიანი? საკვები, სასმელი, ჩვეულებრივი გრძნობები – ძილი, ჭამა და ა. შ. მაგრამ იქ ძილი არ არის – ეს დასრულდა. საჭმელიც დასრულდა და უამრავი სხვა გართობაც. და რა? ადამიანში სრული სიცარიელე გამეფდა. ეს არის საშინელება.

ასე რომ, პიროვნების სხვა სამყაროში გადასვლის პროცესი ძალზე რთული და ძნელია, მართლმადიდებელი ეკლესია ამას „სატანჯველს“ უწოდებს, კათოლიკური კი – „განსაწმენდელს”. ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ, რაც იქ ხდება, მაგრამ გვჯერა, რომ შემოქმედი  ჩვენზე ბევრად უფრო მოწყალე, სამართლიანი და ბრძენია და უფრო ღრმად გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. არ უნდა გესმოდეთ ჯოჯოხეთი, როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელი, განუსაზღვრელი პატიმრობის ადგილის მსგავსი. ეს სხვაა – ჩვენი სიბნელის ანარეკლია.

იცის თუ არა გარდაცვლილის სამშვინველმა, რომ სიკვდილის წინ იგი კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნოდა?

დიახ, რა თქმა უნდა!

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რაიმე თუ რჩება მასში მიწიერი არსებობიდან?

დიახ, რა თქმა უნდა, რჩება. ეს უეჭველია. როდესაც მე მკვდარს შევიგრძნობ, ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. პიროვნება არ ქრება.

გვითხარით, რა ეტაპებს გადის სამშვინველი სხეულის გარდაცვალების შემდეგ?

როდესაც ადამიანი კვდება, პირველი მომენტი გარკვეულ გარემოში გადადის, რომელიც ძალიან ახლოსაა, ტრანსფიზიკურ სფეროში. ეს გარემო ჩვენის მსგავსია, ადამიანს შეუძლია მისი ვიზუალურად აღქმა. ეს პირველი სფეროა. როგორც ამტკიცებენ, რამდენიმე დღის განმავლობაში (ჩვენი მიწიერი გაანგარიშებით) ადამიანი თავისი სხეულის ახლოს იმყოფება, შემდეგ იწყებს მასთან დაშორებას. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად: სამი, ცხრა, ოცი, ორმოცი დღე, ექვსი თვე – ეს სამშვინველის ამაღლების რამდენიმე ეტაპია.

ახდენს თუ არა მომაკვდავი ადამიანის სამშვინველის მდგომარეობა გავლენას მის შემდგომ ბედზე?

როდესაც იმ ადამიანებს ვესაუბრე, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს და გადარჩნენ, მათ მიამბეს, რაც განიცადეს. ისინი თავიანთ სხეულს გარედან ხედავდნენ, ასევე, ექიმებსაც და ექთნებსაც, რომლებიც გარშემო იყვნენ, პალატას და სხვა დანარჩენს, მაგრამ ადამიანი ამ მომენტში განიცდის ისეთ ამაღლებულ მდგომარეობას, რომ მას სრულებით აღარ აინტერესებს, რასაც უყურებს. იგი უმალვე რაღაც სხვა, მაღალ დონეზე ადის, გაცილებით მაღალზე…

მას გადასვლისას არ გააჩნია არანაირი აგრესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ მომაკვდავი ადამიანი დამძიმებულია სიძულვილით ან რაიმე სხვა მძიმე განცდებით, ეს საშიშია მისი სამშვინველისთვის. თუ ასე ხდება, სამშვინველი, სხვა განზომილებებში შემდგომი განვითარების ნაცვლად, მიჯაჭვულია იმ ადგილს, რომელიც მის ნეგატიურ გამოცდილებას უკავშირდება. სამშვინველი ვერ სწყდება ამ ადგილს, მის გარშემო ტრიალებს, ის ქმნის მოჩვენების ეფექტს, დარტყმების, რაღაც უცნაური ბგერების ეფექტს და ა. შ.

შეუძლია თუ არა გარდაცვლილის სამშვინველს ჩვენი გაგონება და დანახვა? როგორ მივაწოდოთ მას ენერგია? უბრალოდ, გვახსოვდეს და რელიგიური რიტუალები შევასრულოთ?

დაზუსტებით ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ახდენს ჩვენი ხსოვნა გავლენას გარდაცვლილებზე. ვფიქრობ, რომ კავშირიც არსებობს და გავლენაც. ჩვენ ამას „მიცვალებულებისთვის ლოცვას“ ვეძახით. ტაძარი მიცვალებულთა ხსენების დღეს სავსეა ხალხით. ვფიქრობ, ხალხი არა იმიტომ მოდის, რომ მათ ძვლების გახსენება სურთ, არამედ იმიტომ, რომ სულიერი კავშირი აქვთ მათთან, ვისთვისაც ლოცულობენ. არც ისე ადვილია ცნობიერების განადგურება.

როგორია თქვენი დამოკიდებულება მოუდის წიგნთან დაკავშირებით – „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“?

ჩვენთან ამ წიგნის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე მე აღვწერე მსგავსი შემთხვევა ერთი კარგად ნაცნობი ადამიანისა ჩემს ერთ წიგნში. შემდეგ კი, ჩემდა გასაკვირად, დოქტორ მოუდისთან უამრავი მსგავსი შემთხვევის შესახებ ამოვიკითხე. ცოტა ხნის წინათ აშშ-ში სპეციალური სატელევიზიო პროგრამა გავიდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღემდე მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანებმა გაიხსენეს, რა განიცადეს. თან ეს განცდები ერთმანეთს ძალიან წააგავს.

ყველა სული მოიპოვებს უკვდავებას თუ მხოლოდ მორწმუნეთა სულები?

ვშიშობ, რომ ეს უკიდურესად შეამცირებს უკვდავების არეალს. ბუნებით ადამიანის სული უკვდავია. ვფიქრობ, რომ უკვდავება არა მარტო რწმენის, არამედ ცოდნის საკითხიც კია, მაგრამ საქმე სხვა რამეშია: სამშვინველი უნდა განიწმინდოს სიბნელისაგან, ცუდისგან, მდაბლისგან. ხოლო თუ სამშვინველი მხოლოდ ამითა სავსე, მაშინ რაღა დარჩება მასში განწმენდის შემდეგ? რაღაც პატარა ნაკუწი. ამან უნდა შეგვაშფოთოს.

თუ ადამიანს უკვდავების არ სჯერა, სიკვდილის შემდეგ მის სამშვინველს შეაწუხებს ეს მცდარი შეხედულება?

ასეთი შემთხვევა მქონდა: ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა მოსკოველმა ექსტრასენსმა, სპირიტული სეანსის დახმარებით, რომელიღაც მარქსისტი ფილოსოფოსის, მისი გარდაცვლილი მეგობრის სული გამოიძახა (არავის გირჩევთ სპირიტული სეანსების ჩატარებას. ეს ძალიან საშიშია როგორც სულისთვის, ისე სხეულისთვის). დაისვა კითხვა: „როგორ ხდება, რომ ახლა მანდ რაღაცას აცნობიერებ და მპასუხობ? შენ ხომ ამას ადრე არ აღიარებდი!” – რაზეც გარდაცვლილმა ძალიან გონივრულად და მოკლედ უპასუხა: „ამ შეხედულების გადახედვა მომიწია…“

აბორტი ცოდვად ითვლება, მაგრამ ხომ არ არის ეს საუკეთესო გამოსავალი, თუკი ბავშვის მშობელი ნარკომანი, ლოთი, გენეტიკურად დაავადებული ადამიანია?

გენეტიკოსები თვლიან: ვერასოდეს იტყვი დარწმუნებით, რომ გენეტიკური პრობლემები შეიძლება შვილს აღმოაჩნდეს. მემკვიდრეობითი ძაფები ისე უჩვეულოდ იხვევა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს შეიძლება ავადმყოფი ბავშვი გაუჩნდეთ, დაავადებულებს კი – ჯანმრთელი, ამიტომ ბავშვის მოკვლა არაფრით არ შეიძლება.

რატომ გმობს ეკლესია აბორტს?

ეს საკითხი ძალზე აქტუალურია, რადგან აბორტი ახლა კატასტროფულად გავრცელდა. მარტივად გიპასუხებთ: ვთქვათ, დედა ხართ, შვილი მოგიყვანეს და გთავაზობენ მის მოკვლას რაიმე მარტივი გზით, ვთქვათ, ჩაქუჩით – რას იზამთ? რა თქმა უნდა, თუ ნორმალური ხართ, ვერასდროს ასწევთ შვილზე ხელს. მაშ, რატომ იმეტებ დაუცველ არსებას გასანადგურებლად, თითქოს კოღო იყოს?! ის დაუცველია, თქვენს სხეულშია, მას თავის დაცვა არ შეუძლია. თქვენ კი კლავთ, იმიტომ რომ თქვენთვის ეს უფრო მისაღებია, ვიდრე მის გვერდით ყოფნა ან მისი აღზრდა, ან კიდევ სხვა მიზეზი გაქვთ. თუ დედა ამბობს, რომ მას არ შეუძლია ბავშვის გამოკვება ან სხვა გარემოებები არსებობს, ყოველთვის ვპასუხობ: კარგი, მოითმინე, გააჩინე და გააშვილე. ადამიანები, რომლებსაც სურთ შვილების ყოლა და ვერ აჩენენ, რიგში დგანან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბიოლოგიური თვალსაზრისით, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი პოტენციურად უკვე ადამიანია და მისი ცხოვრება წმინდაა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ცხოვრება დავარღვიოთ, მოვკლათ.

სამედიცინო მონაცემების მიზეზით შეწყვეტილი ფეხმძიმობა არის თუ არა ცოდვა?

ბავშვის მოკვლა ყოველთვის ცოდვაა. რა თქმა უნდა, თითოეული შემთხვევა ცალკე უნდა იქნას განხილული, მაგრამ ზოგადად ეს ასეა.

რატომ კვდებიან ახალგაზრდა, კარგი ადამიანები? რატომ კვდებიან ბავშვები?

კითხვა, რა თქმა უნდა, მარადიულია. რადგან ბოროტება მეფობს მსოფლიოში. იგი მეფობს. ღვთის სასუფეველი არ არსებობს ამ სამყაროში. ამ სამყაროში ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მისცა და, აქედან გამომდინარე, აქ მოქმედებს არა მხოლოდ ღვთიური, არამედ საბედისწერო, ქაოტური, დემონური საწყისიც. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცათა სასუფევლის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რეალობაზე, რომელიც ფარულად შემოდის სამყაროში, შემოდის დიდი სირთულითა და ბრძოლით. რაც შეეხება ახალგაზრდებს… ზოგადად სიკვდილი, მაშინაც კი, როდესაც მოხუცები კვდებიან, მაინც ბოროტებაა. ჩვენ ვურიგდებით მის არსებობას, იმიტომ რომ ყველაფერს მარადისობის თვალთახედვით ვუყურებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს წმინდა წერილი, რომელიც ამბობს: „ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი“. ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი.

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

(გაგრძელება იქნება)

ამავე თემაზე: მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close