ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ბრიტანელების ხელჩართული ჩხუბი ჰაერში – თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა (ვიდეო)

ჩხუბისთავებს ავიაკომპანია თავის ბორტზე აღარასდროს დაუშვებს

დაბალბიუჯეტიანი Jet2-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ანტალიიდან (თურქეთი) მანჩესტერის (ინგლისი) მიმართულებით, ბრიუსელში საგანგებო რეჟიმში დაჯდა. მიზეზი ფრენისას, 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ბორტზე მომხდარი ხელჩართული ჩხუბის გახდა. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა ბელგიის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რათა პოლიციას შესძლებოდა ბორტზე ასვლა და ჩხუბის მოთავეთა დაკავება.

„ანტალიიდან მანჩესტერისკენ რეისი LS896 ორი მგზავრის საშინელი საქციელის გამო ბრიუსელში გადამისამართდა. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არეულობაში მონაწილე ორ მგზავრს სამუდამოდ აეკრძალება ჩვენი კომპანიის ბორტით ფრენა“, – განუცხადა ბრიტანულ The Sun-ს Jet2-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ბრიუსელში დაჯდომის შემდეგ ჩხუბის ინიციატორები ბორტიდან ჩაიყვანეს და პოლიციას გადასცეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი, რეისის მიმართულების თანახმად, მანჩესტერისკენ გაფრინდა. ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ შეეცდებიან კომპენსაცია მიიღონ ფრენის იძულებით გადამისამართების გამო.

თვითმხილველთა თქმით, ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აგრესიულად იქცეოდა და „რასისტულ შენიშვნებს აკეთებდა“.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით კი, ნასვამმა მამაკაცმა სიგარეტის მოწევა სცადა ბორტზე, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ არ მიეცა, აგრესიული გახდა.

მედიის მიერ გამოქვეყნებული მორიგი ვერსიის თანახმად, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა ქალისთვის, რომელიც სხვა მგზავრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდა, მობილურის წართმევა სცადა.

„გარკვეულ მომენტში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მგზავრები აღელვებულები იყვნენ. ხალხი შეშინებული იყო. ატმოსფერო ქაოსური გახდა“, – ასე აღწერა სიტუაცია ერთ-ერთმა მგზავრმა.

ეკიპაჟის წევრები სიტუაციის განმუხტვას ეცადნენ, თუმცა დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა. ინციდენტის გარემოებებსა და დაკავებულთა ქმედებებს კომპეტენტური ორგანოები იძიებენ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close