ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას Facebook-ზე ადვოკატი დავით ასათიანი ავრცელებს.
ე.წ. პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.
საქმეს ე. წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო.
მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ.
ამავე დღეს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება გავრცელებული განცხადებით მოითხოვა. გარდა ამისა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.
13 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. 17 დეკემბერს ექიმის მეუღლემ განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების მიზნით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა.
imedinews.ge
კომენტარები