თბილისში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედიასაშუალებები აშუქებენ
დღეს გამთენიისას ოპოზიციის მორიგი მცდელობა, პარლამენტში დეპუტატები არ შეეშვათ და შესასვლელების პიკეტირება ცოცხალი ძალით მოეხდინათ, პოლიციამ არ დაუშვა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დაშალა. ამჟამად პარლამენტში უკვე შევიდნენ დეპუტატები და ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, გუშინ საღამოს დაიწყო. ამ მოვლენებზე უცხოური მედიაც წერს.
საერთაშორისო სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე ათასობით ადამიანმა დედაქალაქში საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით აქცია გამართა.
როგორც მედიასაშუალება ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე დაყრდნობით წერს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას გეგმავდნენ და ამბობდნენ, რომ სამშაბათს სესიაზე დასასწრებად კანონმდებლებს შენობაში არ შეუშვებდნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამას არ დაუშვებენ, – აღნიშნავს „როიტერი“.
„თუ მომიტინგეები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს“, – მოჰყავს სააგენტოს მმართველი პარტიის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადება.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები უკვე მეორე კვირაა, იმართება.
„ცვლილება 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს წესები 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ სასარგებლოს მოქმედებს და მის გადმოწევას ითხოვს“, – ნათქვამია „როიტერის“ სტატიაში.
მედიასაშუალება ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გასული კვირის ორშაბათსაც გამოიყენა, რა დროსაც 37 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს 4-იდან 13 დღემდე პატიმრობა შეეფარდათ, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს უწოდებს.
საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე წერს „ბიბისიც“. ბრიტანული მაუწყებელი აღნიშნავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ორშაბათს საღამოს ათასობით ადამიანმა გამართა დემონსტრაცია ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით. ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი და ერთი პოლიტიკოსი. საქართველოში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეორე კვირაა გრძელდება, აქტივისტები პარლამენტში პროპორციულ წარმომადგენლობას ითხოვენ“, – ნათქვამია სტატიაში.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს უნდა გადასულიყო, თუმცა ოპოზიცია თარიღის გადმოწევას ითხოვს. კამპანიის მონაწილეები ამბობენ, რომ ამჟამინდელი სისტემა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოს მოქმედებს.
თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროც.
„26 ნოემბერს, 30-წუთიანი ულტიმატუმის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გამოიყვანა წყლის ჭავლის მანქანები პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად და დააკავა რამდენიმე აქტივისტი“, – წერს „რადიო თავისუფლება“. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათით ადრე დედაქალაქში საარჩევნო რეფორმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
„რადიო თავისუფლება“ ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი, აკაკი მინაშვილი და გია თევდორაძე.
„ამჟამად პარლამენტის შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს, დემონსტრანტებისა და მათი კარვების საშუალებით პიკეტი კვლავ გრძელდება პერიმეტრზე, ისინი დილით მხარდაჭერას ელოდებიან, რათა არ შეუშვან შენობაში კანონმდებლები“, – წერს „რადიო თავისუფლება“.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ არ შეუშვებენ კანონმდებლებს პარლამენტში, სადაც 26 ნოემბერს პლენარული სესიაა დაგეგმილი.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს აშუქებს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც საქართველში თავისი რეპორტიორი ჰყავს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიციის ჩარევამ და წყლის ჭავლის გამოყენებამ აიძულა პარლამენტის შესასვლელებში, ოთხ ლოკაციაზე მყოფი დემონსტრანტები, დაშლილიყვნენ, თუმცა ათობით მათგანი თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.
მედიასაშუალების ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას გეგმავდნენ, რათა სამშაბათს არ შეეშვათ კანონმდებლები სესიაზე დასასწრებად, თუმცა ხელისუფლებამ ისინი გააფრთხილა, რომ ამას არ დაუშვებდა.
როგორც „ალ-ჯაზირას“ კორესპოდეტნი იტყობინება, სამშაბათს დილით პარლამენტის შენობის შესასვლელებთან პოლიციის კორდონია, გზა კი ყვითელი ავტობუსებით არის ბლოკირებული, რათა შეაჩერონ ოპოზიციის მოსალოდნელი მცდელობა, არ შეუშვან მმართველი პარტიის დეპუტატები შენობაში. რეპორტიორის თქმით, მთავრობა კომპრომისზე წასვლისკენ განწყობილი არ არის.
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური კრიზისისშესუსტების ნიშნები არ არის. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ამ მუხტის გაგრძელებას შეძლებს“, – ამბობს „ალ-ჯაზირას“ რეპორტიორი.
კომენტარები