იტალიაში ცხოველთა უფლებებს ბავშვის უფლებებს უთანაბრებენ: პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, იტალიელები მიიღებენ ახალ სამოქალაქო კოდექსს, რომელშიც საკანონმდებლო დონეზე იქნება გაწერილი შინაური ცხოველების უფლებები.

ცხოველი მგრძნობიარე არსებაა და არა ნივთი, აცხადებენ იტალიის პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის ავტორები, რომლებიც შინაური ცხოველის სტატუსის ამაღლებას მოითხოვენ.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Giornale-ს ინფორმაციით, პარლამენტის იუსტიციისა და მართლმსაჯულების საკითხთა კომისია კანონპროექტის განხილვას იწყებს. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები დამტკიცდა, იტალიელები მიიღებენ ახალ სამოქალაქო კოდექსს, რომელშიც საკანონმდელო დონეზე იქნება გაწერილი ცხოველთა უფლებები.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი შინაური ცხოველების უფლებებს, პრაქტიკულად, ბავშვთა უფლებებს უთანაბრებს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, პატრონს დაევალება, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას თავის ბინადარს, ხოლო მეუღლეთა გაყრის შემთხვევაში წყვილი ვალდებული იქნება, სასამართლოს გზით დაადგინოს, ვისთან დარჩება ცხოველი საცხოვრებლად.

სააგენტო წერს, რომ ძაღლებს მიენიჭებათ უფლება, პატრონებთან ერთად იარონ ეკლესიაში და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ამასთან, აიკრძალება ცხოველის პატრონისგან განშორება. თუ მფლობელი გარდაიცვლება, შინაური ცხოველის მოვლის ვალდებულება მის ნათესავებზე გადავა. რაც შეეხებათ პოლიციელ ძაღლებს, სამსახურიდან წასვლის შემდეგ მათ მუდმივი პენსია დაენიშნებათ.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში უკვე მოქმედებს კანონები, რომლებიც ცხოველებისადმი ცუდი მოპყრობის გამო მაღალ ჯარიმებსა და სხვა მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს.

ამასთან, სახელმწიფო სხვაგვარადაც ზრუნავს მათზე. გარდა იმისა, რომ სასტუმროებსა და სპეციალურ პლაჟებს აშენებს შინაური ცხოველებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველების მგზავრობაზე შეღავათებია დაწესებული.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები