fbpx
ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველო

რას ვერჩით ბერძენ მწერალს? – რეპორტაჟის ავტორის მოსაზრება

რამდენიმე დღის წინ ათენში გაიმართა ბერძენი მწერლის, სოტი ტრიანდაფილუს რომანის პრეზენტაცია, რის შესახებაც NOSTAL.GE-ზე რეპორტაჟი გამოვაქვეყნე. ამ რეპორტაჟმა საბერძნეთის ქართული დიასპორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რეპორტაჟის მომზადებისას შევეცადე მაქსიმალურად წარმომეჩინა ფაქტები და საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საშუალება მიმეცა. ამჯერად გავკადნიერდები და საკუთარ პოზიციას გაგაცნობთ.

უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია ქართული საზოგადოების ინტერესი აღნიშნული საკითხისადმი. ჯანსაღი რეაქციაა, როდესაც გვსურს ჩვენი ქვეყანა, მისი დღევანდელობა და წარსული ღირსეულად წარმოჩინდებოდეს უცხოელთა თვალში, მათი აღქმა იყოს დადებითი და ობიექტური. ამ თვალსაზრისით სოტი ტრიანდაფილუს დაინტერესება ჩვენი უახლესი ისტორიით, მისი მხატვრული ხერხებით აღწერა ცალსახად კარგი მოვლენაა. წიგნის მხატვრულ ღირებულებაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. მე მინდა უშუალოდ პრეზენტაციაზე მწერლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე მოგახსენოთ.

სამწუხაროდ, ქალბატონი სოტის ზოგიერთი გამონათქვამი, რბილად რომ ვთქვათ, სადავოა და ეს გასაკვირი სრულებითაც არ არის. ვფიქრობ, აქ ორი ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო: უპირველესად, შესამჩნევია ავტორის მიერ წიგნის დაწერის პროცესში დაშვებული მეთოდოლოგიური შეცდომა. როგორც ჩანს, ის არ შეეცადა საქართველოში მიეღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთაც საკუთარ წიგნში ეხება. არადა, თუნდაც ინტერნეტში მცირედი ძიების შემდეგ ადვილად შეეძლო მისთვის საინტერესო ადამიანების აღმოჩენა, დარწმუნებული ვარ, ისინი სიამოვნებით დაეხმარებოდნენ. ნაცვლად ამისა, არჩია საბჭოთა კავშირის შესახებ გარკვეული წიგნები წაეკითხა და იქიდან მიღებული ინფორმაციით დაკმაყოფილებულიყო. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მის წარმოდგენაში გარკვეული სტერეოტიპების წარმოშობა. ეს ამბავი ავტორის ზედაპირულობაზე მიუთითებს და არა მის მტრულ დამოკიდებულებაზე. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მეორე საკითხი, რომელზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის საქართველოს ცნობადობა ევროპაში. ცნობილია, რომ სამეცნიერო ლიტერატურის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 95 პროცენტი, ინგლისურად იწერება. შესაბამისად, საჭიროა ქართველი ისტორიკოსები, პუბლიცისტები და სხვა ინტელექტუალური პროფესიების წარმომადგენლები ამ ენაზე ქმნიდნენ მაღალი ხარისხის ლიტერატურას (აღარაფერს ვამბობ ბერძნულ ენაზე). ასეთი სახის მასალის ხელმისაწვდომობა დაეხმარება ტრიანდაფილუს მსგავს ადამიანებს საქართველოზე ობიექტური ინფორმაციის მიღებაში.

სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით სანუგეშო მდგომარეობა არ გვაქვს და ამაში ერთნაირად დამნაშავეა როგორც სახელმწიფო, ისე ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება. ამ შემთხვევაში, უპირველესად, საკუთარ თავს ვაკრიტიკებ, რადგან პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ.

რაც შეეხება გამოხმაურებებს, რომლებიც რეპორტაჟს მოჰყვა: ზოგიერთი კომენტარი ზედმეტად ემოციური იყო და მათი ავტორები, რბილად რომ ვთქვათ, შეუფერებელ ლექსიკას იყენებდნენ. მჯერა, რომ ეს არ არის სწორი არჩევანი. ბევრად უფრო გონივრულია მწერლის მიერ გამოთქმულ მცდარ მოსაზრებებს არგუმენტებით დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ძნელი და შედეგიანიც იქნება. მე სოტი ტრიანდაფილუ გონიერ ადამიანად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, სწორი არგუმენტებით შეგვიძლია მისი გადარწმუნება. ამის შანსი არსებობს – 16 დეკემბერს კიდევ ერთი პრეზენტაცია შედგება.

არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ საქმეში საბერძნეთის საელჩო უნდა ჩარეულიყო. ზოგიერთი წიგნის აკრძალვასაც კი ითხოვდა. საბედნიეროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, ევროპასა და საქართველოში, გამოთქმული მოსაზრებისთვის არ სჯიან. ეს მონაპოვარი გაფრთხილებას საჭიროებს. ბოლოს და ბოლოს ყველას აქვს უფლება შეცდეს, ან თუნდაც სისულელე თქვას. თანაც წიგნი ერთია და მწერლის პირადი მოსაზრებები – სხვა რამე. აქაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი მოკავშირე არგუმენტია და არა აკრძალვა.

დაბოლოს, რეპორტაჟის კომენტარებში ჩემი კრიტიკაც ამოვიკითხე, თითქოს მისი მომზადებისას იმაზე ნაკლები პასუხისმგებლობა გამოვიჩინე, ვიდრე საჭირო იყო და ერთა შორის ურთიერთობებს რაღაც ზიანი მივაყენე. ასეთი სახის შეფასება არაერთხელ მომისმენია და წამიკითხავს, განსაკუთრებით სოტი ტრიანდაფილუს მიერ აღწერილ ეპოქაში, გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში (ცხადია, არა ჩემ მიმართ). არ მომწონს ის ეპოქა, ცუდად მახსენდება…

გიორგი ჯანელიძე

რედაქციისგან: საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს მკითხველებს ამ ქვეყანაში უკვე უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს (შერეული ოჯახებიც ბევრია) და ძალიან ბევრმა ემიგრანტმა მათ ძალიან კარგი მხრიდან გააცნო საქართველო როგორც თავისი ღირსეული პიროვნული თვისებებით, ისე საქართველოს კულტურისა თუ ისტორიის, დღევანდელი მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებით. სამწუხაროდ, მოხუცი ქალბატონის დამხმარისნაირებიც არიან, რომლებიც დიდად არ დაგიდევენ საკუთარი სამშობლოს პრესტიჟს და სახელს და მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ – რას ვიზამთ, ესეც რეალობაა.

ჩვენს ვებგვერდზე, მოგეხსენებათ, ბერძნულ ენაზეც არის სტატიები საქართველოს კულტურაზე, ისტორიაზე, მიღწევებზე, რომლებსაც ჩვენი მკითხველები თავიანთ ბერძენ ნაცნობ-მეგობრებს უზიარებენ. ზოგადად, საბერძნეთი და ბერძენი ხალხი ევროპაში საქართველოსთვის ყველაზე ახლობელია, თუნდაც ჩვენი საერთო ისტორიის და საერთო „ემიგრანტების“ გამო, ამიტომ ამ ურთიერთობას გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება.

ხოლო რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს (სოტი ტრიანდაფილუს წიგნის პრეზენტაციის მსგავსს), ჩვენი აზრით, ჯობია შემდეგ პრეზენტაციაზე ქალბატონ სოტის ვაჩუქოთ წიგნები საქართველოზე – მაგ., „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ბერძნულად ერთი წლის წინ გამოიცა, ქალბატონ თამარ მესხის მიერ ბერძნულად ნათარგმნი „Hellados“, ქართული ანბანის ისტორია (ინგლისურად, თუ ბერძნულად არ არის); ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ისტორია და ა. შ.

ძალიან კარგი იქნება, თუ 16 დეკემბერს პრეზენტაციაზე მივლენ ათენის ქართული ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები და კეთილგანწყობილად, არგუმენტირებულად და კომპეტენტურად გასცემენ პასუხს ავტორს ყველა ფაქტობრივ უზუსტობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close