რატომ ცემეს ცნობილი ნეიროქირურგი?
ნეიროქირურგი გიორგი (გოგი) მაღალაშვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ცნობილ ექიმს ძალადობის კვალი თვალის არეში აღენიშნება.
როგორც ირკვევა, მედიკოსს პაციენტის ახლობლები გაუსწორდნენ. კერძოდ, ქირურგს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც პაციენტს, რომელსაც ნეიროქირურგმა ოპერაცია გაუკეთა, ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა. აღსანიშნავია, რომ პაციენტი ნარკოზიდან მალევე გამოვიდა და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა.
დაპირისპირების შემდეგ ქირურგმა პირველი კომენტარი „კურიერთან“ გააკეთა.
როგორც ნეიროქირურგი აღნიშნავს, პაციენტს ოპერაციის შემდეგ ეძინა, როცა ახლობელმა მისი მდგომარეობა მოიკითხა. ქირურგის თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით:
„ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ არის რაღაცა საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია მას ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო? რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი.
ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა, რომ მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში ასეთი რამ და არც ქალაქის ჯანდაცვის, არც სამინისტროს მხრიდან კითხვაც არ ყოფილა, რა მოხდა“, – განაცხადა გიორგი მაღალაშვილმა.
სამედიცინო დაწესებულებაში ექიმზე თავდასხმის ფაქტს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა:
„ვგმობთ მომხდარ ფაქტს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ექიმი ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას. მსგავსი ფაქტები, რომლებიც საკმაოდ გახშირდა ბოლო პერიოდში, ვნებს ზოგადად საზოგადოებას, იმიტომ რომ ექიმსა და პაციენტს შორის იწვევს უნდობლობას“, – განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.
ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმი საოპერაციო ბლოკიდან გამოვიდა. დაზარალებულმა ექიმმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.
მომხდარი ფაქტის შესახებ პირველად ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.
„გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს სცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!“ – დაწერა ჭიაბერაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობილი ექიმის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები