საზოგადოებასაქართველო

ილია მეორე: „მადლობელი ვარ თანადგომისთვის“ – მრევლმა ტაძრიდან გამოსული პატრიარქი გააცილა შეძახილებით: „გვიყვარხარ!“ (ვიდეო)

მადლობელი ვარ თანადგომისთვის, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება.

„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოსა და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.

​გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი, მთელს საქართველოში ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილნი იყავით.

მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მისი თქმით, ის დღეს საკვირაო წირვაზე თანადგომის გამოსახატად მივიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ უპასუხა.

ჟურნალისტები საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხით, კერძოდ კი, დეკანოზ გიორგი მამალაძის თემით დაინტერესდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ საკუთარ გადაწყვეტილებას „ძალიან გაუფრთხილდება“.

„რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. საზოგადოებაში  დღეს ვნებათაღელვაა, ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ ახალი წესები არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ. მერე რაც იქნება საჭირო, იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ილია მეორისთვის სოლიდარობის გამოსახატად მრევლი შეიკრიბა. მრევლმა ტაძრიდან გამოსული პატრიარქი ემოციურად გააცილა, ტაშით და შეძახილებით: „გვიყვარხარ“ .

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close