საგარეჯოში კაცმა ხორცის გამყიდველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
საგარეჯოში მკვლელობა მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საგარეჯოს ცენტრში სანადირო თოფით 70 წლამდე კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც ამბობენ, მომხდარი მათ შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
„კურიერმა“ მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. გარდაცვლილები არიან შოთა დარბაისელი და ელდარ ივანელაშვილი. თვითმხილველების თქმით, შოთა დარბაისელი იმ ადგილზე მივიდა, სადაც ივანელაშვილი მუშაობდა და ახლო მანძილიდან მუცლის არეში ორჯერ ესროლა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მომხდარის შემდეგ კი დარბაისელმა თავის არეში მიიყენა ჭრილობა და ადგილზე დაიღუპა.
„ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თოფი დაუცლია, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე სანამ საავადმყოფოში მიიყვანეს, დაიღუპა“, – უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „კურიერის“ კორესპონდენტს.
„დარბაისელს ივანელაშვილის მკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონდა, ზურგიდან ეპარებოდა, დანა უნდა ჩაერტყა“, – თქვა „კურიერთან“ საუბრის დროს მეორე მოწმემ, საგარეჯოს მცხოვრებმა ვლადიმერ ასლანიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები