მედიცინაიტალიასაზოგადოება

იტალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ევთანაზია განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია

იტალიის საკონსტიტუციოს სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის დახმარება, სიცოცხლე დაასრულოს, ყოველთვის არ არის დანაშაული. საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აუტანელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიან უკურნებელი მდგომარეობის გამო.

სასამართლომ ამ შემთხვევაში კონკრეტული საქმით იხელმძღვანელა. კერძოდ, 2014 წელს მუსიკალური პროდიუსერი ფაბიანო ანტონიანი – დიჯეი ფაბო – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბრმავდა, ამასთან, ავარიამ მისი პარალიზებაც გამოიწვია: იგი ვერ ამოძრავებდა ხელ-ფეხს, არ შეეძლო დამოუკიდებლად არც ჭამა და არც სუნთქვა. ანტონიანი ამბობდა, რომ საკუთარი მდგომარეობა წარმოუდგენელ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდა. იგი ცდილობდა იტალიურ კლინიკაში ევთანაზიის უფლება მოეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ.

იტალიის რადიკალური პარტიის წევრმა მარკო კაპატომ ანტონიანი ევთანაზიის მიზნით შვეცარიაში წაიყვანა. დიჯეი ფაბო, მუსიკალური პროდიუსერი, მოგზაური და მოტომრბოლელი, 2017 წლის 27 თებერვალს, 40 წლის ასაკში, შვეიცარიაში გარდაიცვალა ექიმების დახმარებით (ევთანაზიის შედეგად), გარდაცვალებამდე კი იტალიის პრეზიდენტს მისწერა, რომ მისი სურვილია აირჩიოს სიკვდილი.

დიჯეი ფაბო თავის მეგობარ ქალთან ერთად; ფოტოს წყარო: www.la7.it

როდესაც მარკო კაპატო იტალიაში დაბრუნდა, მის წინააღმდეგ მილანის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, მილანის სასამართლომ კი საკითხის კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა.

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ევთანაზია უნდა იყოს კანონით დაშვებული, თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პაციენტი უკიდურესად მძიმე განუკურნებელ მდგომარეობაში იმყოფება, განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რომელსაც აუტანლად მიიჩნევს.

ამასთან, მოსამართლეების თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს იმ მოლოდინით, რომ ამგვარ მიდგომას პარლამენტი კანონად აქცევს.

ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევთანაზია არ დაისჯება ისეთ შემთხვევებში, როგორიც ფაბიანო ანტონიანის შემთხვევა იყო, რომელიც ავარიის შემდეგ ძლიერ იტანჯებოდა, თუმცა „სრულად აცნობიერებდა თავის ნებას, რომ ცხოვრების ეს პირობები თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად მიეჩნია“, – წერს იტალიური გამოცემა „ანსა“.

კაპატოს, მოქმედი კანონმდებლობით (სსკ 580-ე მუხლით), 12-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა სუიციდის ხელშეწყობისთვის, ახლა მას, სავარაუდოდ, გაამართლებენ.

დიჯეი ფაბოს ევთანაზიის გზით გარდაცვალებამ იტალიაში, სადაც კათოლიკური მრწამსი საკმაოდ ძლიერია, დიდი დავა გამოიწვია. კათოლიკური ეკლესია უკმაყოფილო დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.

„მედიცინის მიზანია სიცოცხლეს ემსახუროს, ყველა ექიმს მოეთხოვება სიცოცხლის პატივისცემა“, – იოანე პავლე მეორის სიტყვებით მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მედიცინის მუშაკებს შეკრებაზე და მოუწოდა ექიმებს, არ აჰყვნენ ცდუნებას, რომ მძიმე ავადმყოფ ადამიანებს სიკვდილში დაეხმარონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close