ჩინეთში პირველი კლონირებული კნუტი დაიბადა – რა ღირს შინაური ცხოველების კლონირება?
ჩინური კორპორაცია SINOGENE BIOTECHNOLOGY-ს მეცნიერებმა ქვეყანაში პირველად კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ბრიტანული ჯიშის კნუტი, სახელად გარლიკი, 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის პატივსაცემად მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებითაც შეიქმნა. კატის პატრონის თქმით, თავისი ოთხფეხა მეგობრის კლონირება იმიტომ გადაწყვიტა, რომ უფროსი გარლიკი „განსაკუთრებული და დაუვიწყარი“ იყო.
სპეციალისტების თქმით, კლონირებული და ორიგინალური კატები იდენტურად გამოიყურებიან, მაგრამ განსხვავებული ხასიათი აქვთ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კლონირებული ცხოველი იმდენს იცოცხლებს, რამდენსაც ჩვეულებრივი კატები.
წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ კორპორაცია შინაური ცხოველების კომერციული კლონირების დაწყებას გეგმავს. ასეთი მომსახურების ფასი დაახლოებით 35 000 დოლარი იქნება.
პირველი კლონირებული ცხოველი, ცხვარი დოლი, 1996 წელს დაიბადა. მას შემდეგ მეცნიერებმა თევზების, ბაყაყების, ძროხების, ცხენების, ძაღლების და სხვა ცხოველების კლონები შექმნეს.
imedinews.ge
კომენტარები