თბილისის მერიამ სტუდენტების დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად შემოდგომის სემესტრისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
„სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.
განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, რომ განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში სტუდენტმა პირადად წარადგინოს.
დაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
• ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
• უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
• უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
• I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
• რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
• სამოტივაციო წერილი.
მერიის განმარტებით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით სემესტრული სწავლის გადასახადის 50%, 70% ან 100%-ის ოდენობით (სასწავლო გრანტის 2250 ლარის ფარგლებში). კერძოდ, აკადემიური მოსწრება 51-70 ქულა დაფინანსდება 50%-ით; 71-90 ქულა – 70 %-ით; 91-100 ქულა – 100 %-ით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 200 000 ლარით და შეადგინა 1 200 000 ლარი. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დაფინანსდა 1000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტი.
კომენტარები