ნევადაში უდანაშაულო ქალი 35-წლიანი პატიმრობის შემდეგ მილიონერი გახდა
აშშ-ში, ნევადის შტატში უდანაშაულო ქალი 35-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ მილიონერი გახდა. ამის შესახებ გამოცემა DAILY MAIL-ი წერს.
1980 წელს 29 წლის კეთი ვუდსს 19 წლის სტუდენტის, მიშელ მიტჩელის მკვლელობის გამო 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით სასამართლომ განაჩენი გააუქმა, თუმცა 1984 წელს მაღალი ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ ის მაინც ამოქმედდა.
2015 წელს მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი სიგარეტის ნამწვის დნმ-ექსპერტიზის შემდეგ მიშელ მიტჩელის რეალური მკვლელის ვინაობა დაადგინეს. ეს იყო როდნი ჰოლბაუერი, რომელიც ასევე 5 ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 2018 წელს 17 წლის პოლა ბაქსტერისა და 18 წლის ვერონიკა კაშიოს მკვლელობის გამო მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
1976 წელს კეთი ვუდსი ქალაქ რინოს ბარში მუშაობდა, სადაც მიტჩელი მოკლეს. ბრალდების ვერსია ეფუძნებოდა ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლის ჩვენებებს, სადაც მოგვიანებით კეთი ვუდსი მოხვდა. ადვოკატ მეიზი პასიჩის თქმით, ვუდსი მაშინ ტყუოდა, რათა ცალკე პალატაში გადასულიყო. „მას უთხრეს, რომ ცალკე პალატაში მხოლოდ განსაკუთრებით საშიში პაციენტები გადაჰყავდათ, რის შემდეგაც კეთიმ თქვა, რომ რინოში მიშელ მიტჩელი მოკლა“, – ამბობს ადვოკატი.
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს კეთი ვუდსს 3 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს. მისი კიდევ ერთი ადვოკატი ელიზაბეთ ვანი ვუდსისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.
imedinews.ge
კომენტარები