ევროკავშირის მომავლის მიმართ რწმენა გამყარდა
2014 წლის შემდეგ პირველად, ევროპელებს შორის ევროკავშირის პოზიტიური მომავლისა და ევროს მიმართ რწმენა გამყარდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის, „ევრობარომეტრი-2019“-ის შედეგები მეტყველებს.
კვლევაში, რომელსაც ევროკომისია ყოველწლიურად ატარებს, წელს 27,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში და წევრობის მსურველ 6 ქვეყანაში – თურქეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, სერბეთში, ალბანეთში და არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩატარდა.
ევროკავშირის მომავალს ოპტიმისტურად გამოკითხული ევროპელების 61% უყურებს, რაც წინა წლის შედეგებს 3%-ით აღემატება. ამასთან ერთად, ოპტიმიზმის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ირლანდიაში (85%), რომელმაც Brexit-ის გამო 31 ოქტომბერს შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს.
ევროს მომავალს პოზიტიურად გამოკითხულთა 76% აფასებს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია, თუმცა არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას დადებითად მხოლოდ რესპონდენტთა 49% აფასებს.
რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ პრობლემებს, 34%-მა ასეთად მიგრაცია დაასახელა. მეორე ადგილზე კლიმატის გლობალური ცვლილება (22%), მესამეზე კი ევროპაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია (18%) აღმოჩნდა.
europa.eu
კომენტარები