მამას 11 თვის შვილები მანქანაში დარჩა – პოლიციამ ტყუპი და-ძმა გარდაცვლილები იპოვა
აშშ-ის ქალაქ როკლენდში 11 თვის ტყუპი და-ძმა მას შემდეგ გარდაიცვალნენ, რაც მამამ ისინი სიცხეში მდგარ მანქანაში 8 საათის განმავლობაში ჩაკეტა. ინფორმაციას „ნიუ-იორკ პოსტი“ ავრცელებს.
39 წლის ხუან როდრიგესს საკუთარი შვილების მკვლელობაში ედება ბრალი. ბრალდებულის თქმით, როდესაც საავადმყოფოს ტერიტორიაზე დატოვა მანქანა, სადაც იგი მუშაობს, არ ახსოვდა, რომ ბავშვები მანქანაში იმყოფებოდნენ.
„ვფიქრობდი, რომ ისინი საბავშვო ბაღში დავტოვე სამსახურში მისვლამდე. გავითიშე… ჩემი შვილები მკვდრები არიან, მე მოვკალი საკუთარი შვილები“, – ციტირებს როდრიგესის სიტყვებს გამოცემა. როგორც ბრალდებული ამბობს, ფაქტი მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როდესაც მანქანასთან ბრუნდებოდა.
გამოცემის ცნობითვე, გასულ შაბათს როდრიგესი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ის 100 ათასი დოლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.
სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ მოქალაქეებმა აცნობეს. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ბავშვები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები