მოდა/სილამაზეინტერვიუ

კრისტი ყიფშიძე: „ადამიანი თავად ქმნის ბედნიერების ფორმულას, სადაც არ უნდა იყოს“

კრისტი, რა სიახლეებია თქვენს სამოდელო საქმიანობაში?

ჩემი პროფესია არის ჩემი ცხოვრების წესი, ამიტომ სიახლეები სულ არის. მაგალითად, წელს მისრულდება ჩემი შემოქმედების 25  წელი. საკმაოდ აქტიური პერიოდი მაქვს. შარშან ცოტა შევისვენე, წელს კი ისევ დავუბრუნდი საქმიანობას. მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ყოველთვის მზად ვარ სამუშაოდ.

ალბათ ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ, რომელმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

კონკრეტულად რომელიმეს ვერ გამოვარჩევ. მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის გაცნობა. თუ მივდივარ სამოგზაუროდ, ვცდილობ დიდი ხნით წავიდე, კარგად შევისწავლო ის ქვეყანა, დავათვალიერო, რაც მე მაინტერესებს – ღირსშესანიშნავი ადგილები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ადამიანი მოგზაურობის დროს იზრდება, ვითარდება, ბევრ საინტერესო ინფორმაციას იგებს. აი, მაგალითად პარიზი – ეს არის ქალაქი, სადაც ყოველთვის მიხარია წასვლა. ლოს-ანჯელესი, აზიის ქვეყნები… ახლახან ვიყავი ინდონეზიაში.

გაქვთ სუვენირი, რომელიც საზღვარგარეთ შეიძინეთ და დღემდე ინახავთ?

სადაც ჩავდივარ, იქაურ ქუდს ვიხურავ – ჩვევად მაქვს იქაური ტანსაცმლის ან აქსესუარის ყიდვა. ესპანეთში, მაგალითად, ტრადიციული სადღესასწაულო კაბა ვიყიდე, ინდოეთში – სარი, ინდონეზიაში – ხალათი და ასე შემდეგ.

რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?

ტაილანდური, იაპონური; ესპანეთში, მაგალითად, მომეწონა ზღვის თევზები… მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, ქართული ყველაფერი მენატრება. წყალსაც კი, სულ სხვა გემო აქვს.

შეიძლება ადამიანი უცხო მიწაზე ბედნიერი იყოს?

ადამიანი თავად ქმნის ბედნიერების ფორმულას, სადაც არ უნდა იყოს. შესაძლოა დაიბადო ერთ კონკრეტულ ადგილას, მაგრამ სხვა ადგილას გქონდეს კარგი სამსახური, ან იქნებ დაქორწინდე, გყავდეს ცოლი, ქმარი, შეიძინო მეგობრები და თავს კარგად და ბედნიერად გრძნობდე. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც შეუძლებელია დაივიწყო შენი ქვეყანა, ის ადგილი, სადაც თუნდაც ბავშვობის ყველაზე უდარდელი წლები გაატარე, თითოეული საგანი, ნივთი, ადგილი – ყველაფერი შენს სამშობლოს გახსენებდეს შესაძლოა და ყველაფერს მათ ადარებდე.

ეს თემა ყველაზე უკეთ ნაცნობი ემიგრანტებისთვისაა – რას ეტყოდით მათ?

მესმის, ბევრი სამუშაოდ არის წასული… შეიძლება იქ უკეთესად არიან და იპოვეს საკუთარი თავი, მიიღეს ცხოვრებისეული გამოცდილება… მაინც საბოლოოდ ყველას დაბრუნება უნდა, რომ არ დაკარგონ საკუთარი ფესვები. ემიგრანტებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სამშობლოში მალე დაბრუნებას.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close