„ვიზეარი“ 6 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენას პირველი აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყებს
WIZZ AIR-ი ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს 6 ახალი ევროპული მიმართულებით – ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ტალინი (ესტონეთი), ბრიუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია) – მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყებს იმის გამო, რომ მესამე ბაზირებული თვითმფრინავის დამტება 10 სექტემბრამდე ვერ მოხერხდება. ამ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
„მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ ექვსი მიმართულებით 1-ლი აგვისტოდან 10 სექტემბრამდე თარიღებში, WIZZ Air დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ცვლილებების შესახებ. კომპანია მათ ბილეთის თანხის 100%-ით ანაზღაურებას, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან WIZZ კრედიტზე გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს. WIZZ Air გულწრფელ ბოდიშს უხდის მგზავრებს ამ ცვლილებით შექმნილი დისკომფორტისა და უხერხულობისთვის.
მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ტურისტული სააგენტოების მეშვეობით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამავე სააგენტოებს დროის ან მიმართულების შესაცვლელად.
მგზავრებს საქართველოდან, რომლებმაც ბილეთები საიტზე wizzair.com ან მობილური აპლიკაციით შეიძინეს, ონლაინ პლატფორმების გარდა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლიენტთა მომსახურების სერვისს ნომერზე +995 706 777 037 და განახორციელონ ცვლილებები. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს კი შეუძლიათ, გადაამოწმონ საკონტაქტო ნომერი: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/special-assistance#/
WIZZ Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, ქუთაისის ბაზაზე მეორე ეარბასის დამატებიდან მხოლოდ 8 თვის შემდეგ კი მესამე ეარბას A320-ის დამატება დაანონსა, რომლის საშუალებითაც მგზავრებს უკვე თითქმის ერთ მილიონამდე ადგილს შესთავაზებს. ამ ექვსი მიმართულების დამატებით, 2019 წლის 10 სექტემბრიდან მომხმარებლებს ავიაკომპანია ქუთაისიდან უკვე 27 ავიამიმართულებას შესთავაზებს 18 ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: რა ღირს ბილეთი „ვიზეარის“ ახალ ევროპულ მიმართულებებზე ქუთაისიდან
რა ეღირება ავიაბილეთები თბილისიდან თესალონიკის და კრეტის მიმართულებით?
კომენტარები