რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაკულტურასაზოგადოება

სკანდალი შადრევნის გამო – „სატანური“ თუ „ხელოვნების ნიმუში“?

იტალიაში რამდენიმე დღის წინ სკანდალი აგორდა შადრევნის გამო, რომელიც ქალაქ ვერგატოში (ბოლონიის პროვინცია) დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, სენატორმა პარტია „ლიგიდან“ სიმონ პილონმა მას „სატანა“ (SATANASSO) უწოდა და თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქანდაკებას ცემენტი უნდა გადაასხან.

შადრევანი წარმოადგენს ფავნის ფიგურას, რომელსაც კისერზე შემომჯდარი ჰყავს ანგელოზი, ფეხებთან კი ტრიტონია გაწოლილი. მისი ავტორია სკულპტორი ლუიჯი ონტანი. მოქანდაკის თქმით, ფავნი განასახიერებს მდინარე რენოს (მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში – რედ.), ანგელოზის ფიგურა – მის შენაკად ვერგატელოს, ხოლო ტრიტონი – აპენინებს.

შადრევნის წყალი ფავნის და ანგელოზის პირიდან და, აგრეთვე, ფავნის სასქესო ორგანოებიდან მოედინება. პოლიტიკოსი აღაშფოთა არა მარტო თავად ქანდაკების იერსახემ, არამედ იმანაც, რომ შადრევნის შექმნასა და დადგმაში სახელმწიფო სახსრები დაიხარჯა.

ქალაქის მერის, მასიმო გნუდის თქმით, სკულპტურის ღირებულებაა 150 ათასი ევრო, საიდანაც 50 ათასი ევრო მუნიციპალიტეტმა გამოყო, დანარჩენი 100 ათასი ევრო კი  მოქალაქეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და წარმოებების შემოწირულობაა. შადრევნის დამონტაჟებას დამატებით კიდევ 90 ათასი ევრო დასჭირდა, რომლის ნაწილი – 30 ათასი ევრო რეგიონის ბიუჯეტიდან გამოიყო; ამდენად, საერთო ჯამში, სახელმწიფო სახსრების დანახარჯმა 80 ათასი ევრო შეადგინა. ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ „ლიგის“ პოლიტიკოსის აღშფოთება, სინამდვილეში, საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგანაც საერთოეროვნულ დონეზე ეს თემა შადრევნის დადგმიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, არჩევნების წინ გახდა აქტუალური.

თავად მოქანდაკე ლუიჯი ონტანი განმარტავს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ვინმეს შოკირება, პროვოცირება, ან გრძნობების შეურაცხყოფა და რომ  „ეს მხოლოდ და მხოლოდ მითოლოგიაა, წარმოდგენილი ფანტაზიის სახით“.

აქვე დავძენთ, რომ ცეცხლზე ნავთი დაასახა დავიდ ფაბრიმ, რიმინის მღვდელმა, რომელიც შადრევანთან ეგზორციზმის (სატანის განდევნა) რიტუალის ჩატარებას აპირებდა. როგორც bologna.repubblica წერს, იგი ამ მიზნით ჩავიდა ვერგატოში, თუმცა კარაბინერებმა ამის საშუალება არ მისცეს.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: დედიშობილა ტურისტი რომში შადრევანში განბანვას ცდილობდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close