დღის თემასაზოგადოებასაქართველო

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაიხსნა

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, 12 მაისი საქართველოში კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირდა – მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა. ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. მშენებლობაში შემოწირულობებით აქტიურად მონაწილეობდნენ მოქალაქეები, მათ შორის, ემიგრანტები.

„უფალი ბრძანებს, და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ.

… განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია. იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის. ქრისტე აღდგა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, –  განაცხადა ილია მეორემ ტაძრის კურთხევის შემდეგ.

მახათას მთაზე აგებული ტაძარი ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს. ტაძრის ამოქმედებით დასრულდა ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებენ.

დღესვე მახათაზე 7 ბავშვი მოინათლა, მათ შორის, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, ძალოსან ლაშა ტალახაძის პატარა გოგონა – მარიამი. მათი ნათლია ილია მეორე გახდა.

ნინო ხოშტარია

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close