19 წლის რეპერი, რომელიც ემიგრანტ დედას სიმღერას და ინტერვიუს უძღვნის
რამდენიმე თვის წინ სრულიად შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში სიმღერას საქართველოზე. მოვუსმინე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა! გადავწყვიტე, გამეგო ვინ იყო შემსრულებელი, მოვძებნე მისი ფეისბუქის პროფილი და მივწერე, როგორც ჯგუფის („ჩვენ ამერიკაში“) მოდერატორმა. იგი აღმოჩნდა 19 წლის ელვინ ქარუმოღლი, რეპერი ფსევდონიმით „ელვა“. ელვინმა მომიყვა, რომ თვითონ დაწერა სიმღერა. მართალი გითხრათ, არ ველოდი. ასე დაიწყო ეს პატარა მეგობრობა მსოფლიოს ორ საპირისპირო მხარეს მყოფი ორი ადამიანისა, რომელთაც საქართველო აკავშირებს.
„ელვა“ გასული წლის ნოემბერში აღმოვაჩინე. მას შემდეგ თვალს ვადევნებ მის სიმღერებს და მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ, რათა თავად შეაფასოთ მისი შემოქმედება. ელვინი ამ ინტერვიუს, ისევე როგორც თავის ერთ-ერთ გამორჩეულს კლიპს, ემიგრანტ დედას უძღვნის, რომელიც უკვე წლებია თურქეთშია.
ელვინ, მოგვიყევი შენი ოჯახის შესახებ...
ყველას მივესალმები, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და მოსმენისთვის. მე ვარ ელვინ ქარუმოღლი, 19 წლის. ვცხოვრობ ქალაქ ქარელში, ვარ მომღერალი. ოჯახში მყავს მამა, ბებია და ძმა. დედა ემიგრანტია. ეს ინტერვიუ დედას ეძღვნება.
შენი კლიპი დედაზე ძალიან ამაღელვებელია, მასში ჩანს შენი უსაზღვრო სიყვარული და მონატრება. დიდი ხანია, რაც დედა ემიგრაციაშია?
12 წელია, რაც ვარ ემიგრანტის შვილი; ვიცი, მესმის რა არის უდედოდ ცხოვრება. ბევრი საუბარი არ მიყვარს, მოკლედ ავღწერ, რომ დედა არის ჩემი ცხოვრების აზრი. შორსაა, მაგრამ მაგის არსებით ვდგები ფეხზე, დედა მაძლევს ყოველთვის ძალას. ყველას მივმართავ, რომ დედა დავაფასოთ!
ძალიან ძნელია, დედა რომ არ გყავს გვერდით, ურთულესი მომენტია დედის მონატრება. ამიტომ მივუძღვენი სიმღერა, გავუხარე გული. ძალიან მიყვარს დედა. ყველამ უნდა დავაფასოთ დედები.
ქალაქ ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. 9 კლასის შემდეგ წავედი საზღვარგარეთ, 1 წელი ემიგრანტი ვიყავი იმის გამო, რომ ჩემი მომავალი ამეწყო და ჩემი მშობლები კიდევ უფრო არ დატვირთულიყვნენ. ღმერთს დიდი მადლობა, ვიმუშავე, ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მიწაზე. ძალიან მიხარია, საქართველოში რომ ვარ.
„საქართველო პატარაა, მაგრამ გული დიდი აქვს,
ამ გულში ჰყავს ბევრი ერი, ეფერება იხუტებს,
და ამ გულში ბოროტება ვერასდროს დაიბუდებს…
…ეს ჩემი სამშობლოა, მუდამ სტუმართმოყვარე.
იცხოვრე პატიოსნად, ნუ იქნები მოღალატე“.
ეს სიტყვები შენი სიმღერიდანაა… შენი კლიპი საქართველოზე ძალიან გულწრფელი და აქტუალურია. შენს გულში რა ადგილი აქვს საქართველოს?
ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა.
ჩემი ყოველივე სიტყვა გულწრფელია, იმიტომ რომ გულიდან მომდის. ასევე, საქართველო არის ჩემი საყვარელი ქვეყანა. ამისთვის სიტყვები არ მეყოფა. ვეცდები, ნელ-ნელა სიმღერებით გადმოვცე. დიდი მადლობა კითხვისთვის.
რამ გიბიძგა ამ კლიპის შექმნისკენ?
არანაირი მიზანი არ მქონდა, რომ პოპულარული გავხდე, შემდეგ დავემალო ხალხს. ჩემი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ რეალობა დაინახოს ხალხმა, არ იყვნენ ჩუმად. მე თუ ოდესმე პოპულარული გავხდები, ეს თქვენი – ხალხის დამსახურება იქნება. ყველას დიდ პატივს ვცემ, ვინც მისმენს და ტკივილს იზიარებს ჩემთან ერთად. ძალა ერთობაშია!
როდის დაიწყე სიმღერა?
14 წლის ვიყავი. მიყვარდა მუსიკა, სიმღერა, განსაკუთრებით რეპი. ვუსმენდი რეპერების სიმღერებს. გადავწყვიტე, რომ მეც მაქვს ცხოვრებაში ბევრი რამ გავლილი და მეც შემიძლია ჩემი გულის ტკივილები მივაწოდო ხალხს. ასე დავიწყე წერა 2014-ში. 2015 წელს პირველი თურქული კლიპი გადავიღე. დღემდე მივყვები და გავყვები, სანამდეც ხმა არ ჩამიწყდება.
რატომ აირჩიე რეპი?
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. ასე ვიტყვი: მე ჩემი სტილი მაქვს, ჩემი თემა არის რეალობა, ხალხის ტკივილი. ამას რეპს დაარქმევენ თუ სხვა სახელს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ მხოლოდ იმისთვის, რომ მიყვარს ეს საქმე, გულიდან მოდის სიტყვები და ვასრულებ ასე, იმიტომ რომ ვარ მომღერალი, რომელიც რეალობას წერს და აწვდის ხალხს.
გაქვს მუსიკალური განათლება?
რაც შეხება მუსიკალურ განათლებას, არ მისწავლია მუსიკალურ სკოლაში, არც კოლეჯში. ყველას ძალიან უკვირს, რომ განათლების გარეშე საიდან ეს ნიჭი? მე მჯერა, ღმერთის მწამს, რომ ეს სრულიად ღმერთის მოცემული ნიჭია და მაქსიმალურად გადავცემ ჩემს მსმენელს.
სხვა ლექსებსაც წერ?
კი, ძალიან ბევრი ლექსები მაქვს დაწერილი. მოვა მაგის დროც და დავანახებ ხალხს.
რჩეული თუ გყავს და თუ მიუძღვენი მას რომელიმე სიმღერა?
ჩემი სიმღერა „მოღალატე“ ეძღვნება იმ ადამიანს, რომელმაც მიღალატა ფულის გამო. სიმღერაშიც ვამბობ ამ ყველაფერს. ეგ სიმღერა იმიტომ არ დავწერე, რომ მას ეფიქრა: „კიდევ ვუყვარვარ, ჩემზე სიმღერებს წერს“. ეგ სიმღერა იმიტომ დავწერე, რომ ამომეგდო გულიდან ნაღველი და ეს შევძელი. ის ადამიანი ჩემთვის არის ნული. მივმართავ ყველას, ჯერ დაფიქრდნენ და მერე გადაწყვიტონ სიყვარულიც და შეყვარებაც, რათა ბოლოს ჩემი ნანახი ცხოვრება და ტკივილი არ ნახონ. მადლობას გიხდით კითხვისთვის.
„ელვა“ – კარგი ფსევდონიმია და ალბათ სხვადასხვანაირად შეიძლება აღიქვას თითოეულმა ადამიანმა. შენთვის რა აზრი დევს მასში?
ეს სახელი მე ძალიან მაძლიერებს. ელვა ჩემთვის სიბნელეში სინათლეა, მაძლევს იმის საშუალებას, რომ სიბნელეში დავინახო რეალობა და სიმართლე.
როგორ ხედავ შენს თავს მომავალში?
კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩემი მიზანი პოპულარობა არ არის. ჩემი მიზანია რეალობის და სიმართლის აღწერა. ამიტომ ყოველთვის ვეცდები, რომ ეს დავანახო ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თვალს ხუჭავს დღევანდელ ცხოვრებაზე. ხალხი შიმშილით იხოცება… გული მტკივა. იმედი მაქვს, რომ დადგება ის დრო და დღე, როცა ჩემი ლამაზი საქართველო გაბრწყინდება და ხალხი კარგად იქნება. დიდი მადლობა მოსმენისთვის და კითხვებისთვის. ახალ სიახლეებს დაელოდეთ.
ესაუბრა თინა ბედიაშვილი (აიოვა, აშშ)
მოუსმინეთ ელვინის სიმღერას დედაზე:
მსგავს თემაზე: ემიგრანტების შვილი
კომენტარები