საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

ემიგრანტების შვილი

„9 წელია ჩემს მშობლებს ახალი სახელი აქვთ – „ემიგრანტები“, მე კი – „ემიგრანტების შვილი“… თითქოს ჩვენ შორის უფსკრულია, რომელსაც „ემიგრაცია“ შევარქვი. ჩემი მშობლები – გამოგზავნილი ფულით, ხოლო მე ამაგის დაფასებითა და სწავლით ვცდილობ ამოვავსო ეს უფსკრული, მაგრამ უერთმანეთობა კიდევ უფრო აღრმავებს. ბოლო არ უჩანს არც მას და არც ემიგრაციას“…

ანი 20 წლისაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ანის მამას ამერიკაში, დედას კი იტალიაში მოუწია გამგზავრება ჯერ ბინის შესაძენად, შემდეგ შვილის მომავლის უზრუნველსაყოფად. თავად აქ დარჩენილს, მარტოობას ბებია უმსუბუქებს. ეს ამბავი მაშინ შევიტყვე, როცა უნივერსიტეტში გამოცდის ქულის გაგების შემდეგ მეგობრებმა დედებს დავურეკეთ ჩვენი სიხარულის გასაზიარებლად, მან კი დედას ან მამას კი არა, ბებიას ახარა წარმატება. ანი სიდინჯითა და მზრუნველობით გამოირჩევა, სულ ჩაფიქრებულია, თითქოს ასაკითაც, გონებითაც და ფიქრებითაც ჩვენზე ბევრად წინაა…

ანი, უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო, რომ დამთანხმდი ინტერვიუზე და გამოთქვი სურვილი ღიად ისაუბრო ამ თემაზე. პირველ რიგში, მინდა გკითხო, რას ნიშნავს იყო ემიგრანტების შვილი?

ამ კითხვაზე ხშირად დავფიქრებულვარ და უამრავ აზრს გაუვლია გონებაში; უპირველეს ყოვლისა, მონატრებას, რომელიც დროსთან ერთად უფრო ძლიერდება. ხშირად მიფიქრია, რომ არ ვიცი, როგორია ოჯახი, არ მახსოვს… იმაზეც ბევრჯერ მიფიქრია, რომ უმადური ვარ, მათ ჩემ გამო დატოვეს ყველაფერი, მაგრამ მეც „დატოვებული“ მქვია და ამ ტკივილს ვერაფერს ვუხერხებ.

როგორი იყო ცხოვრება შენი მშობლების წასვლამდე და წასვლის შემდეგ?

ძალიან მიყვარს, რომ ამბობენ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებსო. მეც ასე ვიყავი. მათ წასვლამდე ჩვენი ოჯახი ერთი მთლიანობა იყო, ახლა თითქოს ნაწილ-ნაწილ დაიშალა და მიმოიფანტა; ვარდისფერი სათვალეც გაქრა და ფერები გახუნდა. ამ დროს დანაშაულის გრძნობა მოდის. ჩემი ცხოვრების სანაცვლოდ საკუთარი დათმეს, რთულია ამის გააზრება და მიღება, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ მათი თავგანწირვა დავინახო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. ხშირად ვესაუბრები ინტერნეტით, ვუყვები ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და ასე ვცდილობ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს არ გამორჩნენ.

როდის იყო ყველაზე რთული ეტაპი შენს ცხოვრებაში?

უკვე 9 წელია, რაც ჩემს მშობლებს ახალი სახელი აქვთ – „ემიგრანტები“, მე კი – „ემიგრანტების შვილი“. თავიდან მეგონა სტუმრად იყვნენ და დაბრუნდებოდნენ, გადიოდა წლები და ისევ ველოდებოდი კარის შემოღებას, მაგრამ არ ჩანდნენ, მხოლოდ სკაიპის ფანჯარა ამოხტებოდა ხოლმე. მანძილთან ერთად პატარა შავი ეკრანიც ჩვენ შორის ჩადგა. რთულია მათ გარეშე ჩავლილი ყველა დღე. არ უნახავთ, როგორ დავამთავრე სკოლა, არ ყოფილან ჩემს გამოსაშვებზე, არც მაშინ, როცა უნივერსიტეტში წავედი. უკვე 9 დაბადების დღეს აღვნიშნავ მათ გარეშე. 11 წლისა დამტოვეს, ახლა 20 წლის ვარ და ალბათ ხვალ ვიტყვი, რომ ყველაზე რთული დღეა, ზეგაც – სანამ არ დაბრუნდებიან, ყოველი დღე წინაზე რთული იქნება.

მშობლებზე ფიქრისას რა გენატრება ყველაზე მეტად?

ტრადიციად გვქონდა საღამოს ერთად ვახშმობა. დედა სუფრას აწყობდა, მე ფანჯრიდან გავყურებდი გზას და როგორც კი მამას მანქანას დავინახავდი, კართან გავრბოდი, მთელი დღის დაგროვილ ამბებს ვცვლიდით. დაძინებისას ტკბილ ძილს მისურვებდნენ, სიბნელის მეშინოდა და მხოლოდ დაძინების შემდეგ მიქრობდნენ ჩუმად შუქს ოთახში. ახლაც გავყურებ ფანჯრიდან გზას, სხვების მამები მოდიან… მე და ბებია ვაწყობთ სუფრას, სიბნელის ახლაც მეშინია, მაგრამ შუქს აღარ ვტოვებ. ყველაზე მეტად მათი შეგრძნება მენატრება. მათი სუნი და ჩახუტება. ბებო ცდილობს მხნედ იყოს, მაგრამ ხშირად ვხედავ, როგორ ელაპარაკება დედის და მამის სურათებს, როგორ იკვალავს გზას მონატრების ცრემლები მის დანაოჭებულ სახეზე. ჩემი დანახვისას სურათებს მალავს, ცრემლებს იმშრალებს და მიღიმის. ბებია ძალიან მეხმარება.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო დრო, ქალაქის ქუჩებში ვისეირნო ან სადმე წავიდე მათთან ერთად. რამდენიმე კარგი მეგობარი შემძინა უნივერსიტეტმა… დედისერთა ვარ და და-ძმის დანაკლისს მეგობრებით ვავსებ. ბებია ნერვიულობს ხოლმე, თუ შემაგვიანდება, მაგრამ ეს ხომ უცხო არ არის ახალგაზრდებში; თავიდან ცოტა მაბრაზებდა, როგორც ყველას, თუმცა მივეჩვიე და ახლა სასიამოვნოა მისი მზრუნველობა. ასევე, კითხვა მიყვარს, როცა დრო გამომიჩნდება, ვცდილობ ახალი წიგნი წავიკითხო.

აპირებ დედასთან წასვლას? ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გამარტივდა საზღვარგარეთ წასვლა და ძალიან ბევრმა ემიგრანტმა ნახა თავისი დიდი ხნის უნახავი შვილი.

ამ ზაფხულს ვგეგმავ დედასთან წასვლას, შარშანაც გვქონდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, უკან ვიხევდი, მეშინოდა, რომ დაბრუნების შემდეგ უფრო მეტად გამიჭირდებოდა და ყველა ეტაპის გავლა თავიდან მომიწევდა… მაგრამ წელს აღარ ვაპირებ უკან დახევას და იმედია, შევხვდები დედას.

რას ეტყოდი ემიგრანტებსა და მათ შვილებს?

ვეტყოდი, რომ ტკივილი და მონატრება ბუნებრივია, მიეცით უფლება, გამომჟღავდნენ. საზღვრებსა და ეკრანებთან ერთად მოჩვენებით ბედნიერებას ნუ ჩააყენებთ ერთმანეთს შორის. იყავით გულწრფელები ერთმანეთთან, თორემ მეტად გააღრმავებთ გაუმაძღარ უფსკრულს. იცინეთ, იტირეთ, ოღონდ ერთად, თუნდაც სკაიპით. შვილებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკეთესი საქართველოსთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს შემდგომ თაობას და ჩვენ, უკვე მშობლების ამპლუაში, იმავე გზის გავლა არ მოგვიწიოს. მშობლებო, ჩვენ დაგელოდებით ფანჯრებთან, კარებთან, დაგელოდებით მანამდე, სანამ არ დაუბრუნდებით შვილებს, მშობლებს, საქართველოს.  

 ესაუბრა ნათია მიხელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close