საზოგადოებახელოვნებაინტერვიუკულტურასაქართველო

 3 მაისს პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე საქართველოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გალა საღამო გაიმართება

„გვინდა ხელი შევუწყოთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას საქართველოს საზღვრებს გარეთ და, ამასთანავე, დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი თანადგომა ნამდვილად სჭირდება“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბარში საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინის“ დამფუძნებელი ქალბატონი თათია შავგულიძე და სასიამოვნო ინფორმაციას გვაწვდის: 3 მაისს პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე „LE DIAMANT BLEU“ ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ღონისძიების გამორჩეული მონაწილე იქნება ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე. საღამოზე შემოსული თანხის ნაწილი ფონდ „გზაჯვარედინში“ გადაირიცხება და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფას მოხმარდება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

თათია შავგულიძე: ფონდი „გზაჯვარედინი“ მნიშვნელოვანი მისიით არის შექმნილი – ჩვენი მიზანია ზრდასრულ ასაკს მიღწეულ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმაროთ არა მარტო მატერიალურად, არამედ სწავლაში და პროფესიის დაუფლებაში, რათა შემდეგ მათ თავადვე უზრუნველყონ საკუთარი მომავალი. გვინდა, რომ ოჯახის სითბოს მოკლებულ ახალგაზრდებს გავუიოლოთ საზოგადოებაში ადაპტაცია, რათა მათ ამ საზოგადოების სრულუფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

18 წელს მიღწეული ამ ახალგაზრდებისთვის აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ზრუნვის პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვის დასრულების შემდეგ საკუთარი ადგილის პოვნასა და თავის დამკვიდრებაში დახმარებათ. როდესაც ზრდასრულ ასაკს აღწევენ, ისინი მარტონი რჩებიან – სად წავიდნენ, რა გააკეთონ, როგორ იცხოვრონ და, რაც მთავარია, როგორ გადაირჩინონ თავი? ჩვენი ფონდის ამოცანაა სწორედ ამ პრობლემების შესწავლა და შეძლებისდაგვარად მოგვარება. 18 წელი ის ასაკია, როცა ახალგაზრდებს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა პროფესიული ან უმაღლესი განათლება მიიღონ, დასაქმდნენ და შექმნან თავიანთი მომავალი ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ოჯახის სითბოს მოკლებულ მოზარდებს არ ჰქონდეთ სრულწლოვნად გახდომის შიში, არ დარჩნენ ქუჩაში და არ დაადგნენ არასწორ გზას.

საქველმოქმედო ფონდი „გზაჯვარედინი“ ახალი შექმნილია, თუმცა უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა კონკრეტულ პროექტზე: ვიყავით ბედიანის ბავშვთა სახლში, სადაც ამჟამად ათი მოზარდია. ორი მათგანი წელს ამთავრებს სკოლას. მათთან მუშაობით, ამ ბავშვთა სახლის დირექტორთან, ზვიად ხაფავასთან ერთად, გვინდა გამოვავლინოთ მათი ნიჭი, მისწრაფებები, სურვილები: უმაღლესი განათლება უნდათ რომ მიიღონ თუ ხელობის შესწავლა ურჩევნიათ? – და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ.

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან, სასარგებლო და კეთილ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, ქალბატონო თათია, მხარდამჭერები თუ გყავთ?

საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინის“ პირველი მხარდამჭერი აღმოჩნდა კომპანია „ივენთს ლუქსი“, რომლის დამფუძნებლებიც არიან ანანო გელოვანი, გოჩა თათრიშვილი და ქეთი გურაშვილი. სწორედ „ივენთს ლუქსი“ მართავს ქართული კულტურისა და სამზარეულოსადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს პარიზში, მდინარე სენაზე. ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი; პაატა ანდრიაძის ბენდი, აგრეთვე, მსახიობი დუტა სხირტლაძე. ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი გამართავს ხელნაკეთი ქსოვილებისგან შექმნილი სამოსის ჩვენებას, იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი კი თავისი ექსკლუზიური სამკაულების ულამაზეს კოლექციას გამოფენს.

საღამოზე მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი საქართველო, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა და საინტერესო ტურისტული მიმართულება. კონცერტი  საქართველოს გაცნობითი ხასიათის ფილმის ჩვენების ფონზე წარიმართება.

რაც მეტი ფრანგი დაესწრება ღონისძიებას და გაიცნობს საქართველს, მით უკეთესი. რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ვფიქრობ, არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველებიც დაინტერესდებიან ასეთი შესანიშნავი ღონისძიებით…

ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოს საელჩოსთან საფრანგეთში და, როგორც ვიცით, საღამოზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები არიან მოწვეულები, თუმცა დასწრება, რა თქმა უნდა, ყველა მსურველს შეუძლია; გარდა იმისა, რომ დიდ სიამოვნებას მიიღებენ, თვითონაც შეიტანენ წვლილს მზრუნველობას მოკლებული ბავშვების უკეთესი მომავალის უზრუნველყოფაში.

გალა ვახშამზე სტუმრებს საშუალება ექნებათ მიირთვან უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და სხვა კულინარიული ვარიაციები. ტრადიციულ ქართულ სუფრას თანამედროვე ევროპულ ელფერს შესძენენ ფრანგული ბრენდის, მსოფლიო კულინარიული გიდის, Gault et Millau-ს ქართველი მზარეულები გურამ ბაღდოშვილის ხელმძღვანელობით.

კრუიზის დროს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ პარიზის ღირსშესანიშნაობებითა და ულამაზესი ხედებით.

ასეთი ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ქართული კულტურის, ჩვენი ქვეყნის ძველი და თანამედროვე ხელოვნების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენც, ჩვენი მხრივ, გვინდა ხელი შევუწყოთ, რომ საქართველოს იმიჯი, მისი უნიკალური კულტურა კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ დასავლეთის საზოგადოებას.

საღამო საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი ფონდ „გზაჯვარედინში“ გადმოირიცხება. ბილეთების ფასი 150 ევროდან იწყება. წინასწარ ვუხდი მადლობას ყველას, ვინც თავის წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და ჩვენთან ერთად იზრუნებს იმ ახალგაზრდების მომავალზე, რომლებიც ოჯახის და ახლობლების თანადგომას მოკლებულნი არიან.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

www.eventslux.com

ტელ.: +33 6311444408 (საფრანგეთი); +995 579 777733 (საქართველო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close