საქართველომ იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 3,3 ათასი უცხოელი არ შემოუშვა, 15 კი – გაადეპორტა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს არ მისცეს. ეს ათასით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმყოფებოდა 998,2 ათასი ვიზიტორი (+0,2%), მათ შორის ყველაზე მეტი – აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
მათგან, ვისაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოსვლაზე უთხრეს უარი, ყველაზე მეტი იყო ირანის (1100), ინდოეთის (794), აზერბაიჯანის (265), თურქეთის (218), თურქმენეთის (174) მოქალაქე.
საქართველოდან იანვარ-თებერვალში 15 ადამიანის დეპორტაცია მოხდა: იანვარში გააძევეს ოთხი ადამიანი – ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები, თებერვალში კი – ეგვიპტის ოთხი მოქალაქე, ირანის ოთხი მოქალაქე, აგრეთვე, ერაყის, თურქეთისა და პაკისტანის თითო-თითო მოქალაქე.
საქართველოს შსს აქვეყნებს სავიზო რეჟიმის დარღვევების სტატისტიკასაც, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ყოფნის წესებს ყველაზე მეტად ირანის, რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები არღვევენ.
მოამზადა ნინო ხოშტარიამ
კომენტარები