დღის თემამიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

თებერვალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 300 მოქალაქე გამოაძევეს – თურქეთი და ისრაელი ისევ „ლიდერობენ“

საქართველოს საზღვარი მიმდინარე წლის თებერვალში უცხოეთში გასვლის მიზნით საქართველოს 244 998-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 20 ათასით ნაკლებია. სტატისტიკურ ინფორმაციას შსს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

შენგენის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ საქართველოს მოქალაქეს – 37 (1445-იდან) შესვლაზე უარი საფრანგეთმა უთხრა; მას მოსდევს იტალია, სადაც 34 მოქალაქე არ შეუშვეს (2594-იდან, 1,3%), კვიპროსი – 33 (830-იდან, თითქმის 4%), პოლონეთი – 30 (3198-იდან), გერმანია 20 (5112-იდან), ავსტრია 20 (1613-იდან); საბერძნეთმა მხოლოდ 7 მოქალაქეს უთხრა უარი (2994-იდან); ბელგიამ, რუმინეთმა, შვეიცარიამ და სლოვენიამ საქართველოს არცეთი მოქალაქე არ გამოაბრუნეს უკან – ეს რაც შეეხება შენგენის ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ.

მთლიანობაში კი ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოდან ისრაელში არ შეუშვეს – 130  (1021, თითქმის 12,7%); მას მოსდევს უკრაინა 37 (2671-იდან), თურქეთი – 36 (127713; პროცენტულად ძალიან ცოტაა – 0, 03%).

რაც შეეხება დეპორტაციას, სხვადასხვა ქვეყნიდან მთლიანობაში თებერვალში საქართველოს 300 მოქალაქე გამოადეპორტეს, მათ შორის, ყველაზე მეტი – თურქეთიდან – 91; თურქეთს მოსდევს ისრაელი – 81, გერმანია – 19, საფრანგეთი – 16, იტალია – 11; საბერძნეთიდან და აშშ-იდან საქართველოს თითო მოქალაქე გამოადეპორტეს.

თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, არაოფიციალური ინფორმაციით, უკავშირდება იმას, რომ სამუშაოდ წასული ადამიანები, თურქული ლირის კურსის კატასტროფული ვარდნის გამო, საქართველოში ბრუნდებიან და სხვა ქვეყნებში ამჯობინებენ სამუშაოდ წასვლას. იმის გამო, რომ სავიზო წესების დარღვევისთვის ჯარიმა არ გადაიხადონ, ისინი დეპორტს თავად ირჩევენ. თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ეს არ არის ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია.

რაც შეეხება ქვეყანაში შემოსვლას, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს საზღვარი ამ მიზნით საქართველოს 238 954-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 17 447-ით ნაკლებია.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close